სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურ ჭრილში 10.9%-ით, 201.3 ლარით გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებშია:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (+0.5%);
- მშენებლობა – 3 198.2 ლარი (+5.4%);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი (+13.5%);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი (+17.1%).
ქალებისა და კაცების ხელფასს შორის განსხვავება კვლავ შესამჩნევია. საანგარიშო პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 650.6 ლარით, ხოლო კაცების – 2 451.0 ლარით განისაზღვრა. ქალების შემთხვევაში ხელფასების წლიურმა ზრდამ 191.5 ლარი (13.1%), ხოლო კაცებში – 217.0 ლარი (9.7%) შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 182.9 ლარით, 9.1%-ით გაიზარდა და 2 190.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის სფეროშია – 4 065.8 ლარი, თუმცა ეს მაჩვენებელი წლიურად 0.2%-ით შემცირდა.