Time Higher Education-მა, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2025 წლის სია გამოაქვეყნა. მათ შორის ტოპ-სასწავლებლები შემდეგი მიმართულებებით გამოვლინდა:
- ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- ბიზნესი და ეკონომიკა;
- კომპიუტერული მეცნიერება;
- განათლების კვლევები;
- ინჟინერია;
- სამართალი;
- სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
- მედიცინა და ჯანმრთელობა;
- ფიზიკის მეცნიერებები;
- ფსიქოლოგია;
- სოციალური მეცნიერებები.
სტენფორდის უნივერსიტეტის თითქმის ათწლეულის ლიდერობის შემდეგ, ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საუკეთესოს სტატუსს წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაეუფლა. Time Higher Education-ის კვლევის თანახმად, ის ასევეა ტოპ-სასწავლებელი ბიზნესისა და ეკონომიკასა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
ამგვარი შეფასება MIT-ს ზოგად რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებაშიც დაეხმარა. ცნობისთვის, ის 2025 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოქვეყნდა, მე-2 ადგილზეა. წინა რეიტინგში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მე-3 ადგილს იკავებდა.
11 მიმართულების მიხედვით შედგენილ რეიტინგში სტენფორდის უნივერსიტეტმა პირველი ადგილი დაიკავა განათლების კვლევების, სამართლისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით. ჰარვარდის უნივერსიტეტი კი, რომელიც ზოგად რეიტინგში მე-3 პოზიციაზეა, ლიდერია ინჟინერიისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით.
ფიზიკის მეცნიერებებში ტოპ-სასწავლებლად კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Caltech) დასახელდა. დანარჩენ ორ მიმართულებაში, კომპიუტერულ მეცნიერებას და მედიცინასა და ჯანმრთელობაში, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ზოგადი რეიტინგის პირველადგილოსანი, ლიდერობს.
მიმართულება | ტოპ-უნივერსიტეტი | ქვეყანა |
ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი | აშშ |
ბიზნესი და ეკონომიკა | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი | აშშ |
კომპიუტერული მეცნიერება | ოქსფორდის უნივერსიტეტი | გაერთიანებული სამეფო |
განათლების კვლევები | სტენფორდის უნივერსიტეტი | აშშ |
ინჟინერია | ჰარვარდის უნივერსიტეტი | აშშ |
სამართალი | სტენფორდის უნივერსიტეტი | აშშ |
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები | ჰარვარდის უნივერსიტეტი | აშშ |
მედიცინა და ჯანმრთელობა | ოქსფორდის უნივერსიტეტი | გაერთიანებული სამეფო |
ფიზიკის მეცნიერებები | კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი | აშშ |
ფსიქოლოგია | სტენფორდის უნივერსიტეტი | აშშ |
სოციალური მეცნიერებები | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი | აშშ |