გუშინდელი სავაჭრო დღის განმავლობაში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს აქციების ღირებულება 8.7%-ით შემცირდა და აქციაზე დაახლოებით 114 დოლარამდე შეადგინა, რაც სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ორშაბათის ვარდნის კატალიზატორი The Wall Street Journal-ის მოხსენება იყო იმის შესახებ, რომ ჩინელი მყიდველები Nvidia-ს მოთხოვნადი AI-ჩიპების ტექნოლოგიაზე აშშ-ის ექსპორტის კონტროლის წესებს არღვევენ. გარდა ამისა, ბირჟებზე უარყოფითად იმოქმედა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კანადის, მექსიკის და ჩინეთის მიმართ დაწესებულმა ტარიფებმა, რომლებიც ძალაში დღეიდან შევიდა.
ტარიფების მოლოდინის გავლენით, გუშინ S&P 500 1.8%-ით დაეცა, Nasdaq-ი – 2.6%-ით, Dow Jones Industrial Average-ი კი – 1.5%-ით. ეს S&P-ისთვის 14 იანვრის შემდეგ ნაჩვენები ყველაზე უარესი შედეგია, Nasdaq-ისთვის – 4 ნოემბრის შემდეგ, ხოლო Dow Jones Industrial Average-ისთვის – 16 იანვრის შემდეგ.
რაც შეეხება Nvidia-ს, ტექგიგანტმა 19 თებერვლის შემდეგ, როდესაც ბირჟები ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელზე დაიხურა, $600 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. ახლა ის Apple-ს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას, დაახლოებით 800 მილიარდი დოლარით ჩამორჩება და კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე პოზიციას სჯერდება. Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $2.79 ტრილიონს შეადგენს, Apple-ის კი – $3.58 ტრილიონს.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, Nvidia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, იენსენ ჰუანგის ქონება ორშაბათს 10 მილიარდი დოლარით, 99 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ჰუანგი, რომელიც მე-16 უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში, 20 თებერვლის შემდეგ, როდესაც ის მილიარდერების რეიტინგში მე-11 პოზიციაზე იყო, დაახლოებით 24 მილიარდი დოლარით გაღარიბდა.