უზენაესმა სასამართლომ ტრამპს USAID-ის $2 მილიარდის დახმარების განბლოკვა დაავალა

უზენაესმა სასამართლომ ტრამპს USAID-ის $2 მილიარდის დახმარების განბლოკვა დაავალა

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) $2 მილიარდის საგარეო დახმარება უნდა განბლოკოს, რომელიც, საოლქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის კონტრაქტორებისთვის უკვე დასრულებული სამუშაოსთვის უნდა გადაეხადა.

სასამართლოს უმრავლესობამ – მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსის ხელმძღვანელობით – თანხების გაყინვის შესახებ ბრძანება გააუქმა და ქვედა ინსტანციის სასამართლოს დაავალა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადასახდელი თანხების ფარგლები განესაზღვრა, თუმცა მთავრობის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატმა გენერალურმა პროკურორებმა, ფედერალურმა თანამშრომლებმა, პროფკავშირებმა, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა და სხვა ჯგუფებმა, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ ათობით სარჩელი შეიტანეს. სარჩელების უმეტესობა ჯერ კიდევ სასამართლო განხილვის პროცესშია, თუმცა ასევე გამოტანილია არაერთი დროებითი გადაწყვეტილება, რომელთა ნაწილი ბლოკავს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, სანამ სამართალწარმოება წინ წაიწევს ან გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

რაც შეეხება უშუალოდ საგარეო დახმარების საქმეს, საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ამირ ალიმ, 13 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციისგან USAID-ის საგარეო დახმარების პროგრამების დაფინანსების დროებით აღდგენა მოითხოვა, ვიდრე თითოეული პროგრამის დეტალური განხილვა მოხდება. ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ უკანასკნელმა ტრამპის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.