მასკის თქმით, მომავალ წელს მარსზე რაკეტას, 2029 წლისთვის კი ადამიანებს გაუშვებს

მასკის თქმით, მომავალ წელს მარსზე რაკეტას, 2029 წლისთვის კი ადამიანებს გაუშვებს

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, რომელმაც Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორობასთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელობაც შეითავსა, მარსის ათვისების გეგმებსა და ვადებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მილიარდერმა აღნიშნა, რომ 2026 წლის ბოლომდე მარსზე რაკეტის გაგზავნა სურს, რასაც 2029-დან 2031 წლამდე ეკიპაჟიანი მისიები მოჰყვება. თუმცა მასკი, ზედმეტად ოპტიმისტური ვადების დაწესების გამო, საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობას აღარ იმსახურებს.

შაბათს დილით გამოქვეყნებულ პოსტში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თქვა, რომ მისი კომპანია SpaceX-ი გეგმავს, 2026 წლის ბოლოს მარსზე თავისი კოსმოსური ხომალდი Starship-ი გაუშვას, რომლის ბორტზეც Tesla-ს მიერ შექმნილი ჰუმანოიდი რობოტი Optimus-ი იქნება. თუ მომავალი წლის მისია წარმატებული აღმოჩნდება, მასკის თქმით, მას სურს, ადამიანების მარსზე გაგზავნა 2029 წელს დაიწყოს. თუმცა მილიარდერმა თავი დაიზღვია და განაცხადა, რომ ამისთვის 2031 წელი შეიძლება უფრო სავარაუდო იყოს.

როგორც ილონ მასკი აცხადებს, მისი მიზანია „მარსზე გამგზავრება ნებისმიერმა შეძლოს, თუკი მას სურვილი ექნება“, საბოლოო მიზნისთვის – „მარსი თვითმყოფად ცივილიზაციად აქციოს“.

მასკი დიდი ხანია მარსზე ადამიანების გაგზავნის მიზანზე საუბრობს და მას ეგზისტენციალურ აუცილებლობად მიიჩნევს, თუკი დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. მილიარდერს სურს, პლანეტა თვითმყოფად კოლონიად გადააქციოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან გასულ წელს SpaceX-ის თანამშრომლებს განუცხადა, რომ 2040 წლისთვის მარსზე ერთი მილიონი ადამიანი იცხოვრებს.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მასკის მიერ დასახელებული ვადები დიდ სანდოობას აღარ ინარჩუნებს, როგორც წესი, შეუსრულებელი დაპირებების გამო – მაგალითად, 2016 წელს მასკმა განაცხადა, რომ ის 2024 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას გეგმავდა, რაც არ შესრულდა. 2017 წელს მან თქვა, რომ 2018 წლისთვის მთვარის გარშემო მოგზაურობას კერძო მისიების ფარგლებში ჩვეულებრივ მოქალაქეებს შესთავაზებდა, რაც ასევე არ მომხდარა.

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა Starship-ი სწორედ მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის შექმნა. ის ორი ნაწილისგან შედგება და ორივე მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა. პირველ საფეხურს Super Heavy წარმოადგენს, მეორე საფეხურს კი თავად Starship-ი, რომლის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს. მთლიანობაში ხომალდი 123 მეტრი სიგრძისაა.

ამ დროისთვის ხომალდი ტესტირების ფაზაშია. ცოტა ხნის წინ მასკის კომპანიამ ის რიგით მე-8 სატესტო ფრენის ფარგლებში გამოცადა. Starship-ის პირველი საფეხური, Super Heavy, დედამიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა. თუმცა SpaceX-მა კავშირი დაკარგა მეორე საფეხურთან, რომელმაც გამორთული ძრავებით უკონტროლოდ დაიწყო ბრუნვა. მალევე ხომალდი აფეთქდა და მისი ნამსხვრევები ბაჰამის კუნძულების, ფლორიდისა და დომინიკის რესპუბლიკის თავზე გაიფანტა.