9-თვიანი დაგვიანებით, NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

9-თვიანი დაგვიანებით, NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

NASA-ს ასტრონავტები, ბაჩ უილმორი და სანი უილიამსი, დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც Boeing-ის კოსმოსურ ხომალდთან დაკავშირებული პრობლემების გამო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დარჩენა დამატებით 9 თვით მოუწიათ. მათი მისია დაახლოებით ერთი კვირით უნდა გაგრძელებულიყო.

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადეს, რომ ეს შეფერხება „პოლიტიკური მიზეზების გამო“ ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიწვია.

უილმორი და უილიამსი, რომლებსაც NASA-ს ასტრონავტი ნიკ ჰეიგი და როსკოსმოსის კოსმონავტი ალექსანდრე გორბუნოვიც შეუერთდნენ, ISS-დან სამშაბათს, თბილისის დროით დაახლოებით 09:05 საათზე გამოემგზავრნენ და დედამიწაზე ოთხშაბათს, 01:57 საათზე დაბრუნდნენ.

ასტრონავტები SpaceX-ის Dragon-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულით, ფლორიდაში, სანაპიროსთან ახლოს, წყალზე დაგეგმილ დროს დაეშვნენ. თუმცა NASA-მ განაცხადა, რომ „ნაკლებად ხელსაყრელი“ ამინდის პირობებში შესაძლოა მათი დაშვება დაგვიანებულიყო.

SpaceX-ის კომენტატორების განცხადებით, ასტრონავტების Dragon-ის კაფსულიდან გამოყვანას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ბაჩ უილმორმა და სანი უილიამსმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაახლოებით 285 დღე გაატარეს. მათი მისია 2024 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო.