გუშინ, 20 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განათლების დეპარტამენტის არსებითად დაშლის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამით მან კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა. ტრამპის გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პოლიტიკას შტატებისა და ადგილობრივი მმართველობების ხელში მოაქცევს.
თეთრ სახლში, ხელმოწერის ცერემონიაზე, რომელსაც მასწავლებლები და მოსწავლეებიც ესწრებოდნენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი დეპარტამენტის „ლიკვიდაციისთვის“. Reuters-ის ცნობით, დეპარტამენტის მთლიანად დახურვა კონგრესის აქტს საჭიროებს, ტრამპს კი მის მისაღებად ხმები აკლია.
„ჩვენ ვაპირებთ დავაბრუნოთ განათლება, ძალიან მარტივად, შტატებში, რომლებსაც ის ეკუთვნის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა განათლების დეპარტამენტის შემოწმებისა და დაშლის შესახებ განცხადება ინაუგურაციის შემდეგ არაერთხელ გააკეთა. ტრამპის გეგმებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა თანამშრომლების ნახევრის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, აშშ-ის განათლების დეპარტამენტი 1979 წელს, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის პერიოდში შეიქმნა. დეპარტამენტი ფედერალური კანონმდებლობის ქვეშ მოქმედებს, რის გამოც, მისი დახურვის გადაწყვეტილებას კონგრესის თანხმობაც სჭირდება.