თებერვალში 0-დან 600 ლარამდე ხელფასი დასაქმებულთა 13.1%-მა აიღო - PMCG

თებერვალში 0-დან 600 ლარამდე ხელფასი დასაქმებულთა 13.1%-მა აიღო - PMCG

PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერი მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში საქართველოში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა წლიურ ჭრილში 1.6%-ით, 966,305-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 5.8%-ით არის გაზრდილი.

თებერვლის მდგომარეობით, ხელფასის მიმღებთა შორის 0-დან 600 ლარამდე თვიური ანაზღაურების მქონე პირთა წილი კვლავ მცირდება, თუმცა მაინც მაღალია და 13.1%-ს უტოლდება. გასული წლის ამავე თვესთან შედარებით მათი წილი 2.7%-ით არის შემცირებული, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – 6.2%-ით.

2025 წლის თებერვალში ხელფასის მიმღებთა შორის იმ ადამიანების წილი, რომლებიც ყოველთვიურად 2400 ლარს და მეტს გამოიმუშავებდნენ, 30.9%-მდე იყო. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 5.8%-ით არის გაზრდილი, 2023 წლის თებერვალთან შედარებით კი – 10.8%-ით.

9600 ლარი ან უფრო მაღალი თვიური ანაზღაურება ხელფასის მიმღებთა 2.8%-ს ჰქონდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 0.5%-ით მეტია, 2023 წლის თებერვალთან შედარებით კი – 1%-ით.