Hyundai აშშ-ში $21-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

Hyundai აშშ-ში $21-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

სამხრეთკორეული Hyundai Motor Group-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიამ საინვესტიციო გეგმა გუშინ, 25 მარტს წარადგინა – ერთი კვირით ადრე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო პარტნიორებზე დაანონსებული ახალი ტარიფები ამოქმედდება.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, Hyundai Motor Group-ი დაპირებულ ინვესტიციას შეერთებულ შტატებში 2025-2028 წლებში განახორციელებს. $21 მილიარდიდან $9 მილიარდი აშშ-ში ავტომობილების წარმოების ყოველწლიურად 1.2 მილიონ ერთეულამდე გაზრდას მოხმარდება. შეგახსენებთ, კომპანია Hyundai Motor-ის, Kia-სა და Genesis-ის ბრენდის ავტომობილებს აწარმოებს.

$6 მილიარდი ლოგისტიკისა და ფოლადის ბიზნესის გასაძლიერებლად, ასევე ნაწილების წარმოების ლოკალიზაციის გაზრდისა და მიწოდების ჯაჭვის გასაუმჯობესებლად იქნება განკუთვნილი.

დარჩენილი $6 მილიარდის ინვესტიცია ინოვაციებსა და მომავლის ინდუსტრიებში განხორციელდება, ასევე გარე პარტნიორობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად იქნება განკუთვნილი, რაც ელექტრომობილების დამუხტვის ტექნოლოგიებსაც მოიცავს.

კომპანიის მოლოდინით, ინვესტიციები 2028 წლისთვის 100,000-ზე მეტ პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილს შექმნის, მათ შორის, Hyundai Motor Group-ის პროგნოზით, 14,000 პირდაპირი სრული განაკვეთის სამუშაო ადგილი იქნება.