მსოფლიოში პირველად, ჩინეთმა 10G ფართოზოლოვანი ინტერნეტი ოფიციალურად გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ჰებეის პროვინციის სუნანის ოლქში ამოქმედდა.
ინტერნეტის ახალი თაობის ქსელი Huawei-სა და China Unicom-ის თანამშრომლობით შეიქმნა. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩამოტვირთვის სიჩქარე წამში 9,834 მეგაბიტამდეა, ატვირთვის სიჩქარე წამში 1,008 მეგაბიტს შეადგენს, დაყოვნება კი 3 მილიწამია. მაგალითად, 20-გიგაბაიტიანი 4K ფილმის ჩამოტვირთვას 10G ქსელის გამოყენების შემთხვევაში 20 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება.
50G პასიური ოპტიკური ქსელის (PON) ტექნოლოგია, რომელიც 10G ქსელს კვებავს, არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მონაცემთა გადაცემის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მაღალი გამტარობის წყალობით ის ხელს შეუწყობს ისეთი სფეროების განვითარებას, როგორებიცაა ღრუბლოვანი გამოთვლები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, 8K ხარისხის ვიდეოების სტრიმინგი და ჭკვიანი სახლის მოწყობილობების ინტეგრაცია.
სფეროს ექსპერტების ვარაუდით, 10G ქსელის დანერგვას, მონაცემთა უფრო სწრაფი და საიმედო გადაცემის გზით, დიდი გავლენა ექნება სხვადასხვა სექტორზე — მათ შორის ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოფლის მეურნეობაზე.