Qatar Airways-ი Boeing-ისგან 210 თვითმფრინავს შეიძენს — ტრამპი კატარის საჩუქარს ელოდება

Qatar Airways-ი Boeing-ისგან 210 თვითმფრინავს შეიძენს — ტრამპი კატარის საჩუქარს ელოდება

კატარის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა ავიაკომპანია Qatar Airways-მა ამერიკულ Boeing-თან 210 თვითმფრინავის შესყიდვაზე შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კატარში ვიზიტის დროს გახდა ოფიციალურად ცნობილი. აქვე შეგახსენებთ, რომ კატარი ტრამპს $400 მილიონად შეფასებულ კერძო თვითმფრინავს საჩუქრად გადასცემს, რასაც უსაფრთხოებისა და ინტერესთა კონფლიქტის მოტივით კრიტიკა მოჰყვა.

Boeing-ისა და კატარის ოფიციალურმა პირებმა ხელშეკრულებას ხელი ტრამპისა და კატარის ემირის, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის თანდასწრებით მოაწერეს. ეს ტრამპის ოთხდღიანი რეგიონული ტურის მეორე დღეს დაემთხვა, რომლის ფარგლებშიც ამერიკულმა კომპანიებმა უკვე რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს.

ხელშეკრულების ხელმოწერის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Qatar Airways-ი 160 თვითმფრინავის შეძენაზე შეთანხმდა, თუმცა მოგვიანებით თეთრმა სახლმა პრეზიდენტის მიერ თავდაპირველად გაჟღერებული რიცხვი ფაქტების ფურცელში შეასწორა და 210 მიუთითა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი, რომელიც დიდი თვითმფრინავებით არის გატაცებული, გეგმავს კატარის საჩუქარი პირადად მიიღოს — მიუხედავად იმ კრიტიკისა, რომელიც მისი ზოგიერთი მოკავშირის მხრიდანაც კი ისმის. როგორც ტრამპმა განაცხადა, „სულელი უნდა იყო, ასეთი საჩუქარი რომ არ მიიღო“.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა კატარის საჩუქარი ისტორიაში სხვა ცნობილ საჩუქრებს შეადარა, მათ შორის ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას მიერ გადაცემულ „რეზოლუტის მერხსა“ და საფრანგეთის მიერ ნაჩუქარ „თავისუფლების ქანდაკებას“.