ესპანეთი სამუშაო კვირის 37.5 საათამდე შემცირებას გეგმავს — ინიციატივამ პარლამენტში გადაინაცვლა

ესპანეთი სამუშაო კვირის 37.5 საათამდე შემცირებას გეგმავს — ინიციატივამ პარლამენტში გადაინაცვლა

ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ოფიციალურ სამუშაო კვირას 40 საათიდან 37.5 საათამდე ამცირებს. ახლა კანონპროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად ესპანეთის პარლამენტს წარედგინება.

ქვეყნის შრომის სამინისტროს ცნობით, მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი კერძო სექტორის 12.5 მილიონ სრულ და ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულს შეეხება და, მისივე ვარაუდით, პროდუქტიულობას გააუმჯობესებს, ასევე სამსახურის გაცდენების მაჩვენებელს შეამცირებს.

„დღეს ჩვენ შრომის მიმართულების მოდერნიზებას ვახდენთ და ვეხმარებით ადამიანებს, რომ თავი ცოტა უფრო ბედნიერად იგრძნონ“, – განაცხადა ესპანეთის შრომის მინისტრმა იოლანდა დიასმა. დიასი პარტია „სუმარს“ ხელმძღვანელობს, რომელიც ამჟამინდელი მემარცხენე კოალიციური მთავრობის ნაწილია.

დიასმა დასძინა, რომ ინიციატივა, რომელიც უკვე ვრცელდება საჯარო მოხელეებსა და ზოგიერთ სხვა სექტორზე, ძირითადად გავლენას საცალო ვაჭრობაზე, წარმოებაზე, სტუმარმასპინძლობისა და მშენებლობის სექტორებზე მოახდენს.

პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობას პარლამენტში მკაფიო უმრავლესობა არ აქვს მოპოვებული, ამიტომ კანონპროექტის კანონად ქცევისთვის მხარდაჭერა სხვა პარტიებისგანაც დასჭირდება, რის გამოც მათი მოთხოვნების დაბალანსება მოუწევს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიზნესასოციაციებისგან განსხვავებით, მთავარმა პროფკავშირებმა სამუშაო საათების შემცირების წინადადებას მხარი დაუჭირეს.

ცნობისთვის, ესპანეთში 40-საათიანი სამუშაო კვირა 1983 წლიდან მოქმედებს, როდესაც ის 48 საათიდან შემცირდა.