„როსსტატის“ მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

„როსსტატის“ მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სააგენტო „როსსტატის“ მიერ 16 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა ზრდის მკვეთრ შენელებას განიცდის. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მხოლოდ 1.4%-ით გაიზარდა – ეს მნიშვნელოვანი შენელებაა წინა კვარტალში 4.5%-იან ზრდასთან და გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 5.4%-იან ზრდასთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ „როსსტატის“ უახლესი მონაცემები მოლოდინებსაც ჩამორჩა: რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მშპ-ის 1.7%-ით ზრდა, ხოლო Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა 1.8%-იანი ზრდა ივარაუდეს.

Gazprombank-ის აღმასრულებელი დირექტორის, ეგორ სუსინის თქმით, „როსსტატის“ მონაცემები „ეკონომიკის მკვეთრ შენელებას“ აჩვენებს. შეგახსენებთ, ეს რუსეთში სიდიდით მესამე ბანკია, რომელიც ამჟამად სანქციების ქვეშაა. Raiffeisenbank-ის ანგარიშით კი, ეს 2022 წლის შემდეგ ეკონომიკის პირველი ყველაზე ძლიერი შენელებაა.

ექსპერტები რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლის მიზეზებად ცენტრალური ბანკის პოლიტიკას, სანქციებს, მიწოდების ჯაჭვის სირთულეებსა და მაღალ ინფლაციას ასახელებენ. Raiffeisenbank-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „ვითარებას ნავთობის დაბალი ფასები ართულებს“. მათივე ინფორმაციით, იანვრიდან აპრილამდე პერიოდში ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები 10%-ით შემცირდა.

სტოკჰოლმის ეკონომიკის ინსტიტუტი, SITE აცხადებს, რომ კრემლის ნარატივების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში ომისა და დასავლეთის სანქციების გამო სულ უფრო მზარდი ზეწოლის ქვეშაა.