სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 7.75 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2.01 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის მონაცემს 14.2%-ით აღემატება. იმპორტმა კი 5.74 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 15.7%-ით გაიზარდა. შედეგად, 2025 წლის იანვარ-აპრილში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.
2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9% შეადგინა. ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთია 914.3 მლნ. აშშ დოლარით. აქედან ექსპორტი 100 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს, იმპორტი კი – 814.2 მლნ. აშშ დოლარს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 19.5%-ით არის შემცირებული, მეორე შემთხვევაში კი 3.5%-იანი კლება აღინიშნა. ამ მაჩვენებლებით თურქეთი საქართველოს ექსპორტში მე-6 ადგილს იკავებს, იმპორტში კი მე-2 პოზიციაზეა.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს ტრიკოტაჟის ნაწარმი იკავებს 28.69 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზე თითქმის 8.88 მლნ. აშშ დოლარით ფეროშენადნობებია, მესამე ადგილზე კი – ტრიკოტაჟის კოსტიუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის, რომლის ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 6.96 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. ხუთეულს სპილენძის ნარჩენები და ჯართი და ალუმინის ნარჩენები და ჯართი ასრულებს, შესაბამისად, 6.17 მლნ. აშშ დოლარითა და 5 მლნ. აშშ დოლარით.
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია, რომლის იმპორტმაც 49.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს 36.73 მლნ. აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, მესამე პოზიციაზე კი შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილებია 19.91 მლნ. აშშ დოლარით. ხუთეულის ბოლო ორ ადგილზე მოხვდა: წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე) და შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები. პირველის იმპორტმა 17.77 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა, მეორეს იმპორტმა კი 17.30 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.