დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების კოორდინირებული ნაბიჯის ნაწილად ახასიათებს.
სამთავრობო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის უახლესი სანქციები ოთხ ფიზიკურ პირს, ექვს სუბიექტსა და 20 გემს, მათ შორის ნავთობტანკერებს, საზღვაო ფლოტთან დაკავშირებულ კომპანიებსა და რუსეთისთვის საქონლის – განსაკუთრებით ელექტრონიკის – მომწოდებლებს ეხება.
სტარმერი, სავარაუდოდ, დღეს კანადაში დაგეგმილ G7-ის სამიტის მომდევნო ეტაპზე სანქციების დეტალებს გაასაჯაროებს. მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებული განცხადებების ამონარიდების თანახმად, პრემიერი იტყვის, რომ სურს „ითანამშრომლოს G7-ის ყველა პარტნიორთან, რათა რუსეთის მიერ ენერგეტიკის სექტორიდან მიღებული შემოსავლები შეამციროს, რომლებსაც ის უკანონო ომში ხარჯავს“.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები უკვე 2300-ზე მეტ ფიზიკურ პირს, ორგანიზაციასა და გემს დაუწესა.