თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლინ ლივიტმა, სამშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინური ByteDance-ისთვის TikTok-ის ამერიკული აქტივების გაყიდვის ვადას კიდევ ერთხელ, 90 დღით გაახანგრძლივებს. ByteDance-ს სოციალური მედიის აპლიკაციის გაყიდვის ვადა ხუთშაბათამდე, 19 ივნისამდე ჰქონდა მიცემული.
ლივიტმა განაცხადა, რომ ტრამპი ხელს მოაწერს კიდევ ერთ აღმასრულებელ ბრძანებას, რათა TikTok-ი აშშ-ში კიდევ 90 დღით ფუნქციონირებდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ დამატებით დროს გამოიყენებს „იმისათვის, რომ გარიგების დასრულება უზრუნველყოს, რათა ამერიკელმა ხალხმა გააგრძელოს TikTok-ის გამოყენება იმის გარანტიით, რომ მათი მონაცემების უსაფრთხოება დაცულია“.
„ალბათ, კი“, – თქვა თავად დონალდ ტრამპმა, როდესაც ვადის გაგრძელების შესახებ ჟურნალისტებმა ჰკითხეს. „ალბათ ჩინეთისგან თანხმობა უნდა მივიღოთ, მაგრამ მგონია, რომ ასეც იქნება. ვფიქრობ, პრეზიდენტი სი ძინპინი საბოლოოდ ამას დაამტკიცებს“.
შედეგად, ტრამპი TikTok-ის იძულებითი გაყიდვის ვადას უკვე მესამედ გადაწევს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ის ჯერ 20 იანვარს, მეორე ვადით ინაუგურაციის შემდეგ, მოგვიანებით კი 4 აპრილს გადაავადა. თუმცა ByteDance-ის აპლიკაციის ამერიკული ბიზნესის გაყიდვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვის ან გაყიდვის კანონპროექტს ხელი 2024 წლის 24 აპრილს მოაწერა. ამერიკელი კანონმდებლების მტკიცებით, სოციალური ქსელი, ჩინეთის მთავრობასთან პოტენციური კავშირის გამო, აშშ-ისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს. საპასუხოდ პლატფორმამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ კომპანიამ „აშშ-ის მონაცემების უსაფრთხოებისა და გარე ძალებისგან დასაცავად, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა“.