სანდო პარტნიორი ცვალებად გარემოში

სანდო პარტნიორი ცვალებად გარემოში

17 წელია, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია MOORE ABC-ი საქართველოს ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. მმართველი პარტნიორი მიშა აბაიაძე წარმატების საფუძვლად პარტნიორულ მიდგომას, ინოვაციაზე ორიენტაციასა და გუნდში ინვესტირებას ასახელებს.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

საქართველოს ბაზარზე 2008 წელს გამოჩენილი Moore abc-ი მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს, საბუღალტრო, საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგებას, ქონების შეფასებას, აუდიტსა და სხვა პროფესიულ მომსახურებას სთავაზობს.

სასარგებლო სერვისებთან ერთად, Moore abc-ის წარმატების გასაღები საერთაშორისო გამოცდილებაზე წვდომაა – ის შედის საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ უძველეს გლობალურ ქსელში, Moore Global-ში, რომელიც მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანას ფარავს. Moore abc-ი საქართველოში ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების ათეულშიც შედის – 2024 წლის მონაცემებით, უშუალოდ აუდიტორული მომსახურებიდან შემოსავალი დაახლოებით 2.09 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ მაჩვენებლით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მონაცემებით, MOORE ABC-ი აუდიტორულ კომპანიებს შორის მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო შემოსავლების წლიური 63%-იანი ზრდით, მე-2 ადგილზეა. კომპანიის მმართველი პარტნიორი, მიშა აბაიაძე ფიქრობს, რომ ყოველივე ეს მხოლოდ ფინანსურ მდგრადობას როდი ასახავს, არამედ იმასაც, რომ მათი მომსახურება რეალურად სჭირდება და სარგებელს აძლევს ბიზნესს, ეს გარემოება კი კომპანიას უქმნის მოტივაციას, საქმიანობა ინოვაციურად და პასუხისმგებლობით განაგრძოს.

„Moore abc-ის მთავარი ძალა მდგრადობაა – ესაა სტაბილურად მზარდი კომპანია, რომლის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, მოქნილი და ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენი პარტნიორები უშუალოდ არიან ჩართულნი პროცესებში, რაც პასუხისმგებლობის მაღალ დონესა და ხარისხის გარანტიას ნიშნავს. კლიენტებთან ერთად ვავითარებთ ხედვას და ვპასუხობთ არსებულ გამოწვევებს დღევანდელ ცვალებად გარემოში“, – ამბობს ის.

ამ მიზეზთა გამო, Moore abc-ის სერვისების მრავლისმომცველ პაკეტს იყენებენ როგორც კერძო სექტორის წამყვანი კომპანიები, ისე საერთაშორისო ინვესტორები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები. დამკვეთების მოზიდვისა და შენარჩუნების გასაღები ამ კომპონენტებისგან შედგება: სანდოობა, კომუნიკაცია, გადაწყვეტილებების ხარისხი, მათ შორის: ინოვაციური მიდგომები, მუდმივი კავშირი კომპანიებთან და მათი უწყვეტი მხარდაჭერა.

მაგრამ დამკვეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია თანამშრომელთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვის გარეშე და კომპანიაში ამასაც არანაკლები ყურადღებით ეპყრობიან.

„Moore abc-ში გვჯერა, რომ თანამშრომლების უწყვეტი განვითარება ფირმის წინსვლის ფუნდამენტია და ამის დასტურია ACCA-ის აკრედიტებული დამსაქმებლის ოქროს სტატუსიც. დასაქმებულებს ვთავაზობთ სწავლების, სერტიფიცირებისა და საერთაშორისო გამოცდილების უამრავ შესაძლებლობას. სამუშაო გარემო კი დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე, მხარდაჭერასა და უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე“, – გვეუბნება მიშა აბაიაძე.

Moore abc-ი რეალური ფასეულობის შექმნას საზოგადოებისთვისაც ცდილობს და აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ფინანსური გამჭვირვალობის განვითარებას, ეხმარება ბიზნესებს კონსულტაციებით და ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე – გუნდი ჩართულია საგანმანათლებლო ინიციატივებში, უზიარებს პრაქტიკულ ცოდნას სტუდენტებსა და დამწყებ ბუღალტრებს, რისი საბოლოო მიზანიც მყარი და ეთიკურად მოქმედი ფინანსური გარემოს შექმნაა.

სექტორის დინამიკური განვითარების ფონზე, მაღალ პროფესიულ სტანდარტებს რომ იცავდეს, Moore abc-ი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეგულაციებსაც სრულად შეესაბამება – მიშა აბაიაძე ამბობს, რომ კომპანია რეგულარულად გადის როგორც შიდა, ისე გარე შემოწმებებს, რაც პროცესის გაუმჯობესებისა და ერთი ნაბიჯით წინ ყოფნის შესაძლებლობას იძლევა.

Moore abc-ის კრედო სანდო და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომაა, წარმატების მთავარი მიზეზი კი გუნდის პროფესიონალიზმი, მაღალი ხარისხის მომსახურება და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობები. მაგრამ წარმატება გაჩერების საფუძველს არ იძლევა, წარმატების ხუთი ელემენტის (გამოცდილება, სასარგებლო და ხარისხიანი სერვისები, კლიენტებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა და საზოგადოებრივი ღირებულების შექმნა) სია იზრდება და კომპანიის უახლესი მომავალი ტექნოლოგიური სერვისების გაძლიერებას, ESG-მიმართულების განვითარებასა და რეგიონულ გაფართოებას უკავშირდება.

ამ ნაბიჯების უკან კი ბაზრის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებისადმი სრული მზადყოფნა, სფეროში საუკეთესო დამსაქმებლისა და ქართულ ბაზარზე ხარისხის სიმბოლოდ დარჩენის სურვილია.