Hermès-ის Birkin-ის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე რეკორდულ $10.1 მილიონად გაიყიდა

Hermès-ის Birkin-ის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე რეკორდულ $10.1 მილიონად გაიყიდა

40 წლის წინ შეკერილი ჩანთა, რომელმაც მსოფლიოში ჩანთების ყველაზე პრესტიჟული ხაზის შექმნა შთააგონა, გუშინ, პარიზში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ (10.1 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა. Hermès-ის Birkin-ის პირველი ჩანთისთვის ცხრა პოტენციური მყიდველი 10 წუთზე მეტ ხანს იბრძოდა, საბოლოოდ კი მისი მფლობელი იაპონელი კერძო კოლექციონერი გახდა, რომლის ვინაობაც არ გასაჯაროებულა.

Birkin-ის პროტოტიპი, რომელიც სპეციალურად ბრიტანელ-ფრანგი მსახიობისა და მომღერლისთვის, ჯეინ ბირკინისთვის შეიკერა, Hermès-ის ჩანთების ხაზის შექმნის შთაგონების წყარო გახდა. ამ ხაზის ჩანთები საკმაოდ ძვირია, მათი ფასი ხშირად ათიათასობით დოლარს აღწევს.

ამჟამად აღნიშნული ნივთი აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ ჩანთას წარმოადგენს, რომლის ღირებულებაც საკომისიოების გარეშე 7 მილიონი ევროა (8.2 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად, მან მნიშვნელოვნად გადაასწრო Hermès Kelly 28-ს, რომელიც 2021 წლის ნოემბერში 513,040 დოლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ჩანთა უცნობი ფასით აქამდე ორჯერ გაიყიდა: ბირკინმა ის 1994 წელს აუქციონს გადასცა, რომელიც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საქველმოქმედო ორგანიზაცია Association Solidarité Sida-ს მხარდასაჭერად გაიმართა. 2000 წელს გამართულ აუქციონზე კი იგი პარიზელმა კოლექციონერმა, კეტრინ ბენიერმა შეიძინა.