ქართველი რეჟისორი მარიამ ბიწაძე, რომელიც შვეიცარიაში ლოზანისა და ჟენევის ხელოვნების უმაღლესი ინსტიტუტების (ECAL/HEAD) ერთობლივ პროგრამაზე სწავლობს, ლოკარნოს კინოფესტივალის პროგრამაში Film Foundry შეირჩა მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით Sous la table, რომელიც ახალ, პერსპექტიულ ევროპელ კინოხელოვანებს უთმობს ყურადღებას.
ფილმი შექმნილია სამ კვირაში და არის ერთი უწყვეტი კადრი. რუმინელი რეჟისორის, რადუ ჟუდეს ხელმძღვანელობით, კლუჟში, ინტენსიური ვორკშოპის ფარგლებში. პროექტმა ასევე მოიპოვა ECAL-ის ჟაკლინ ვიოვის პრიზი, რომელიც ენიჭება იმ სტუდენტს, რომლის ნამუშევარმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სკოლის შემოქმედებით პროფილში.
ამავე დროს, მარიამი შეირჩა ფესტივალის BaseCamp-ის მონაწილედაც, ეს არის საერთაშორისო არტისტების რეზიდენცია და კრეატიული ლაბორატორია, რომელიც ლოკარნოში ყოველწლიურად მასპინძლობს ახალგაზრდა ტალანტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
მარიამის პირველი ფილმის პრემიერა, “სუფრა” ტორონტოში შედგა და ბელგიის, ტურინის და თბილისის კინოფესტივალებზე მთავარი პრიზით აღინიშნა.
მარიამ ბიწაძე ქართველი კინორეჟისორი და საპროდიუსერო კომპანიის, 17/07-ის დამფუძნებელია.
მარიამის ნამუშევრები დოკუმენტურსა და მხატვრულ კინოს შორის მოძრაობს და ძირითადად პოსტსაბჭოთა იდენტობას, მეხსიერებასა და პირად ტრანსფორმაციებს ეხმიანება. მისი სადებიუტო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი სუფრა (The Feast), რომელშიც მთავარ როლს მისი დედა ასრულებს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
მარიამი ამჟამად ცხოვრობს ჟენევაში და სწავლობს კინოს მაგისტრატურაზე შვეიცარიის სახელოვნებო უმაღლეს სკოლებში ECAL/HEAD (ლოზანა/ჟენევა).
ის არის ევროპის კინოაკადემიის, ევროპის დოკუმენტალისტების ასოციაციის (DAE), EWA Network-ის წევრი და ასევე დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA-ს მმართველი საბჭოს წევრი.
2024 წელს მარიამი მოხვდა Forbes Georgia-ის პროექტ 30 Under 30-ის სიაში კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.