ტურიზმი ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა — ის ქმნის სამუშაო ადგილებს, ავითარებს ინფრასტრუქტურას და აძლიერებს გლობალურ კავშირებს. მსოფლიოს ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს (WTTC) მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა 2024 წლისთვის პლანეტის 10 ყველაზე დიდი ტურისტული ეკონომიკა გამოავლინა.
რეიტინგი შედგენილია ქვეყნების ტურისტული ეკონომიკის ზომის მიხედვით, რომელიც მოიცავს ყველაფერს სასტუმროებში განთავსებიდან და ფრენებიდან დაწყებული, ატრაქციონებითა და სხვადასხვა სახის მომსახურებით დამთავრებული.
2024 წელს მთლიან ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის 2.36 ტრილიონი დოლარის წვლილით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველობა განახლებულ რეიტინგშიც შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული ეკონომიკა შიდა მოგზაურობების მაღალი მაჩვენებლით, მძლავრი ტურისტული ინფრასტრუქტურითა და გლობალურად ცნობილი მიმართულებებით გამოირჩევა, როგორიცაა ნიუ-იორკი (მსოფლიოში მერვე ყველაზე მონახულებადი ქალაქი), ლას-ვეგასი და ეროვნული პარკების ქსელი.
ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა ჩინეთის შემთხვევაში. ამ სექტორმა 2024 წელს ქვეყნისთვის 1.3 ტრილიონი დოლარის გენერირება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მეორე ადგილს იკავებს, WTTC-ის პროგნოზით, ჩინეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში პირველ ადგილზე გადავა. ამ ზრდას ხელს უწყობს საშუალო ფენის შემოსავლების ზრდა, ინვესტიციები ტურისტულ ინფრასტრუქტურაში და ისეთი პოლიტიკა, როგორიცაა ვიზის შეზღუდვების შერბილება და საგადასახადო შეღავათების დანერგვა ტურისტული შოპინგისთვის.
ტურიზმის რუკაზე ევროპა კვლავ მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი რეიტინგის ტოპ-10-ში არიან. ეს ქვეყნები ტურისტებს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით იზიდავენ. გარდა ამისა, მათ ძლიერი სარკინიგზო და საჰაერო კავშირები აქვთ.
მსოფლიოს 10 უდიდესი ტურისტული ეკონომიკა (2024):
ადგილი | ქვეყანა | ტურიზმის წვლილი |
---|---|---|
1 | აშშ | $2.36 ტრილიონი |
2 | ჩინეთი | $1.30 ტრილიონი |
3 | გერმანია | $487.6 მილიარდი |
4 | იაპონია | $297.0 მილიარდი |
5 | დიდი ბრიტანეთი | $295.2 მილიარდი |
6 | საფრანგეთი | $264.7 მილიარდი |
7 | მექსიკა | $261.6 მილიარდი |
8 | ინდოეთი | $231.6 მილიარდი |
9 | იტალია | $231.3 მილიარდი |
10 | ესპანეთი | $227.9 მილიარდი |