ამერიკულმა Forbes-მა, 2025 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის სია გამოაქვეყნა. განახლებულ რეიტინგში ყველაზე დიდი ცვლილება Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის დაწინაურებაა. ეს კი გასული თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.
გამოცემის შეფასებით, ჯენსენ ჰუანგმა აგვისტო მსოფლიოში მე-6 უმდიდრესი ადამიანის სტატუსით დაიწყო. შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში ის მე-10 ადგილს იკავებდა. გასულ თვეში ჰუანგის ქონება 17 მილიარდი დოლარით გაიზარდა და თითქმის 155 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ივლისში Nvidia-ს აქციების ფასის დაახლოებით 14%-ით ზრდის დამსახურებაა. შედეგად, ის გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
რეიტინგში პოზიციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიუხედავად, ტოპ-10-დან გასული თვის განმავლობაში ჯენსენ ჰუანგს ქონების ყველაზე დიდი ზრდა არ დაუფიქსირებია. ეს სტატუსი მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანს, ლარი ელისონს ერგო. მისი პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების კომპანია Oracle-ის აქციების ფასი ივლისში, Nvidia-ს მსგავსად, 14%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ელისონის ქონებას 37 მილიარდი დოლარი შეემატა. ამჟამად ის 300 მილიარდ დოლარზე ოდნავ ნაკლებს ფლობს. აქვე აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოს მისი შვილის, დევიდ ელისონის ფირმა Skydance-მა Paramount-ის (CBS-ის, MTV-ის, Nickelodeon-ის და სხვა კომპანიების მფლობელი) 8 მილიარდ დოლარად შეძენასთან დაკავშირებით გარიგება დადო.
ქონების ზრდის კუთხით ათეულში ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა მილიარდერმა, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა. ივლისის ბოლო დღეს, ცუკერბერგის ქონება თითქმის 27 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც 30 ივლისს კვარტალური შემოსავლების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. 31 ივლისის დიდი ზრდის მიუხედავად, ცუკერბერგის ქონება თვის განმავლობაში უფრო შეუმჩნევლად, 12 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რამაც მისი ქონება თითქმის 267 მილიარდ დოლარს გაუტოლა.
ტოპ-10-დან რვა უმდიდრესმა ადამიანმა აგვისტოს თვე 1-ელ ივლისთან შედარებით უფრო დიდი ქონებით დაიწყო. რაც შეეხება ორ გამონაკლისს, ესენი არიან: ილონ მასკი, რომლის ქონებაც 5.3 მილიარდი დოლარით შემცირდა, და უორენ ბაფეტი, რომლის ქონებამაც 2.2 მილიარდი დოლარით იკლო. მიუხედავად ამისა, მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც დაახლოებით 401 მილიარდ დოლარს შეადგენს და Forbes-ის სიაში ერთადერთია, ვინც $400-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. ბაფეტი გასულ თვესთან შედარებით სამი პოზიციით დაქვეითდა და მე-9 ადგილზეა.
საერთო ჯამში, მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს 2.1 ტრილიონი დოლარის ქონება აქვს – 100 მილიარდი დოლარით მეტი, ვიდრე 1-ელი ივლისის მდგომარეობით ჰქონდა.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2025 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით
#1 ილონ მასკი
ქონება: $401 მლრდ
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#2 ლარი ელისონი
ქონება: $299.6 მლრდ
წყარო: Oracle
ასაკი: 80
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#3 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $266.7 მლრდ
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $246.4 მლრდ
წყარო: Amazon
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

#5 ლარი პეიჯი
ქონება: $158 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ
:max_bytes(150000):strip_icc():focal(734x359:736x361)/larry-page-232d495f39b4483fa35e46da226c5e9f.jpg)
#6 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $154.8 მლრდ
წყარო: Nvidia
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#7 სერგეი ბრინი
ქონება: $150.8 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 51
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#8 სტივ ბალმერი
ქონება: $148.7 მლრდ
წყარო: Microsoft, LA Clippers, ინვესტიციები
ასაკი: 69
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
მოქალაქეობა: აშშ

#9 უორენ ბაფეტი
ქონება: $143.4 მლრდ
წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 94
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა
მოქალაქეობა: აშშ

#10 ბერნარ არნო
ქონება: $142.9 მლრდ
წყარო: LVMH
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი
