მასკის თქმით, xAI Apple-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

მასკის თქმით, xAI Apple-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI Apple-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს და iPhone-ის მწარმოებელს App Store-ის რეიტინგის მართვისას ანტიმონოპოლიური რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულებს.

„Apple ისე იქცევა, რომ OpenAI-ს გარდა ხელოვნური ინტელექტის სხვა ვერცერთი კომპანია ვერ შეძლებს App Store-ში #1 ადგილზე მოხვედრას, რაც ცალსახა ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაა. xAI დაუყოვნებლივ მიიღებს სამართლებრივ ზომებს“, – განაცხადა მასკმა თავის სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

Reuters-ის ცნობით, ChatGPT ამჟამად აშშ-ში App Store-ის iPhone-ების „ტოპ უფასო აპლიკაციების“ განყოფილებაში პირველ ადგილს იკავებს, xAI-ის Grok-ი მეხუთე ადგილზეა, ხოლო Google-ის Gemini – 57-ე ადგილზე. Sensor Tower-ის მონაცემების თანახმად, ChatGPT ასევე ლიდერობს Google Play Store-ის რეიტინგში.

შეგახსენებთ, Apple-ს პარტნიორობა აკავშირებს OpenAI-თან, რაც ChatGPT-ის iPhone-ებში, iPad-ებსა და Mac-ებში ინტეგრაციას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა აპრილში Apple-ს 500 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა. მან დაადგინა, რომ კომპანიამ ტექნიკური და კომერციული შეზღუდვებით, აპლიკაციების დეველოპერებს მომხმარებლების იაფ ალტერნატივებზე გადამისამართების შესაძლებლობა შეუზღუდა, რაც ციფრული ბაზრების შესახებ კანონის დარღვევას წარმოადგენს.