OpenAI და სემ ოლტმენი ილონ მასკის Neuralink-ის კონკურენტ სტარტაპს ქმნიან

OpenAI და სემ ოლტმენი ილონ მასკის Neuralink-ის კონკურენტ სტარტაპს ქმნიან

OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენი, ამავე კომპანიის დაფინანსებით, ახალი სტარტაპის, Merge Labs-ის დაფუძნებას გეგმავს, რომელიც ილონ მასკის Neuralink-ს კონკურენციას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია The Financial Times-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, Merge Labs-ი ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისზე (BCI) იმუშავებს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული. ახალი სტარტაპი კონკურენციას არა მხოლოდ Neuralink-ს, არამედ ამ სფეროში მომუშავე სხვა კომპანიებსაც, მათ შორის Precision Neuroscience-სა და Synchron-ს გაუწევს.

როგორც ირკვევა, სტარტაპის დაფინანსების ძირითად ნაწილს OpenAI-ის ვენჩურული გუნდი უზრუნველყოფს, რის შემდეგაც, პოტენციურად, Merge Labs-ის შეფასებამ $850 მილიონს უნდა მიაღწიოს. Merge Labs-ის თანადამფუძნებელი იქნება ასევე ალექს ბლანია, World-ის (თვალის ბიომეტრიული სკანირების კომპანია, რომელიც OpenAI-ის მიერ არის მხარდაჭერილი) თანადამფუძნებელი. ცნობილია, რომ ოლტმენი პროექტში პირადი კაპიტალით მონაწილეობას არ მიიღებს.

სემ ოლტმენი ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისების საკითხით უკვე წლებია, დაინტერესებულია. 2017 წელს ის ვარაუდობდა, რომ  Merge-ი შესაძლოა 2025 წლამდე შექმნილიყო, რაც არ გამართლდა. ახლა კი განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ტექნოლოგიურმა განვითარებამ ამის შესაძლებლობა მისცა. Neuralink-ის კონკურენტის შექმნა სემ ოლტმენსა და ილონ მასკს შორის მეტოქეობას კიდევ უფრო გაამწვავებს, რომელიც 2018 წელს მასკის OpenAI-ის საბჭოდან წასვლის შემდეგ დაიწყო.

რაც შეეხება ილონ მასკის Neuralink-ს, სტარტაპმა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა აშშ-ის მარეგულირებლისგან, FDA-სგან, 2023 წელს მიიღო. მასკის კომპანიამ იმპლანტი პირველად ადამიანზე 2024 წლის იანვარში გამოცადა. მიმდინარე წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Neuralink-მა ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისი უკვე მისი კლინიკური კვლევის მერვე და მეცხრე მონაწილეს ჩაუნერგა.