Reuters: პუტინის პირობები უკრაინაში ომის დასასრულებლად

Reuters: პუტინის პირობები უკრაინაში ომის დასასრულებლად

Reuters-მა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით პუტინის მიერ წამოყენებული პირობები გამოაქვეყნა. მედიასააგენტოს წყაროების ცნობით, კრემლი მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მის მიერ ოკუპირებული მცირე ზომის ტერიტორიები დათმოს, თუმცა ამისთვის უკრაინის გაცილებით დიდ ოლქებზე კონტროლს მოითხოვს, რომელთა სრულად დაპყრობასაც რუსეთი ამ დრომდე ვერ ახერხებს. Reuters-ის ინფორმაციით, რუსული მხარე სრულფასოვანი შეთანხმების ხელმოწერამდე დაზავებას არ განიხილავს.

მედიასააგენტომ საზოგადოებას პუტინის მიერ შეთავაზებული წინადადების ძირითადი პუნქტებიც გააცნო:

დონეცკი და ლუგანსკი: რუსული მხარის წინადადებით, უკრაინულმა ძალებმა სრულად უნდა დატოვონ აღნიშნული ოლქები, სანაცვლოდ კი მოსკოვი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში შეტევებს შეაჩერებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ უკვე თქვა უარი ნებისმიერ უკან დახევაზე საკუთარი მიწებიდან, როგორიცაა მათ შორის დონეცკის ოლქი, სადაც მისი ჯარები არიან განლაგებულნი. კიევის თქმით, ის რუსეთის თავდასხმების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვან თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენს.

სუმი და ხარკოვი: რუსეთი მზადაა, უკრაინას ამ ოლქებში შედარებით მცირე ზომის ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნოს (დაახლოებით 440 კვ.კმ). შედარებისთვის, უკრაინის კონტროლქვეშ არის დაახლოებით 6,600 კვ.კმ დონბასში, რომელზე პრეტენზიასაც რუსეთი აცხადებს.

ყირიმი: კრემლის მთავარ მოთხოვნად რჩება 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ოფიციალური აღიარება. გაურკვეველია, ეს მხოლოდ უკრაინას ეხება თუ ასევე დასავლურ ქვეყნებსაც. თუმცა აღსანიშნავია, რომ კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები ნახევარკუნძულზე მოსკოვის მმართველობის ფორმალურ აღიარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

NATO: წინადადების თანახმად, უკრაინას აეკრძალება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, თუმცა შეიძლება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები მიიღოს.

სანქციები: პუტინი ასევე მოითხოვს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმებას.

ენასა და რელიგიაზე მოთხოვნები: რუსული ენის ოფიციალური სტატუსი უკრაინის ნაწილში ან მთელ ტერიტორიაზე და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის თავისუფალი საქმიანობა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში 15 აგვისტოს გაიმართა. წყაროების ცნობით, პუტინმა ტრამპს უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ სწორედ ზემოხსენებული პირობები წარუდგინა. შეხვედრა თითქმის სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომლის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება არ მიღწეულა, თუმცა პროგრესი იყო რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პუტინთან სამიტის შემდეგ, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა. მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ტრამპი NATO-ს ლიდერებსაც ესაუბრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში გაემგზავრება, რათა ტრამპთან ერთად ომის დასრულების გზები და, სავარაუდოდ, პუტინის მიერ წამოყენებული პირობები განიხილოს. მათ შესაძლოა, ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ.