გუშინ, 4 სექტემბერს, მილიარდერი დიზაინერი და მისივე სახელობის მოდის სახლის, Armani-ის დამფუძნებელი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ არმანის კომპანიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლეგენდარულმა დიზაინერმა სიცოცხლის ბოლო წუთები საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარა, თუმცა კომპანიას გარდაცვალების მიზეზზე კომენტარი არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯო არმანიმ ივნისსა და ივლისში, ჯანმრთელობის გაურკვეველი პრობლემების გამო, მილანისა და პარიზის მოდის კვირეულები გამოტოვა და, როგორც ცნობილი იყო, საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ გამოჯანმრთელებას სახლში განაგრძობდა.
1950-იანი წლების ბოლოს, იტალიის ქალაქ მილანში, ერთ-ერთ უნივერმაღში გამყიდველად მუშაობის დაწყების შემდეგ, არმანიმ 1975 წელს საკუთარი ბრენდი დააარსა და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან დიზაინერად და მდიდრული მოდის მაგნატად იქცა.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, გარდაცვალების დროისთვის ჯორჯო არმანის ქონება 12.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ძირითადად Armani-ის მოდის სახლში 99.9%-იანი წილის წყალობით. დარჩენილი 0.1% მილანში დაფუძნებულ ფონდს ეკუთვნის, რომელიც არმანიმ 2016 წელს დააარსა.
გამოცემის ინფორმაციით, ამას გარდა, ჯორჯო არმანი სათვალის მწარმოებელ EssilorLuxottica-ში 2%-იან წილს ფლობდა, რომლის ღირებულება 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. იტალიელ დიზაინერს ეკუთვნოდა ასობით მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონება და 29 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა, სახელწოდებით Main.