„პეტროკას ენერჯი ჯგუფი“, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში ერთ-ერთი წამყვანი ინტეგრირებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, აქციონერთა შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ აცხადებს.
2025 წლის 25 აპრილს განხორციელებული გარიგების შედეგად, ჯგუფის არსებულმა აქციონერებმა სრულად გამოისყიდეს ბატონ დავით იაკობაშვილის წილი „პეტროკასში“. აღნიშნული ცვლილება სრულ თანხვედრაშია „პეტროკასის“ გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც მოიცავს ტრეიდინგის, საცალო ვაჭრობის ქსელების, ლოგისტიკის და ავიასაწვავის მიწოდების სერვისების გაფართოებას, ევრაზიის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.
ცნობისათვის, „პეტროკას ენერჯი ჯგუფი“ აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა – გალფ ჯორჯია, გალფ ავიაცია და ფოთის ნავთობტერმინალი.
აღნიშნული ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც ქვეყანაში 2011 წლიდან ოპერირებს. „პეტროკას ენერჯი ჯგუფში“ შემავალ კომპანიებს დასაქმებული ჰყავს საქართველოს 3000-ზე მეტი მოქალაქე.
S