ოქროს ფასმა, ისტორიაში პირველად, $4,000-ს გადააჭარბა – რატომ იზრდება მოთხოვნა ძვირფას ლითონზე?

ოქროს ფასმა, ისტორიაში პირველად, $4,000-ს გადააჭარბა – რატომ იზრდება მოთხოვნა ძვირფას ლითონზე?

აშშ-ის ბირჟებზე ოქროს ღირებულებამ გუშინ კიდევ ერთ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და, ისტორიაში პირველად, 4,000 დოლარს გადააჭარბა. ანალიტიკოსების შეფასებით, ძვირფასი ლითონის გაძვირება აშშ-ში ეკონომიკურ და პოლიტიკურ არასტაბილურობასთან, მთავრობის დახურვასთან, დასაქმების შემცირებასა და ინფლაციის შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული.

აშშ-ის ოქროს ფიუჩერსები, რომლებსაც ინვესტორები პოზიციების დაზღვევისთვის იყენებენ, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ტროას უნციაზე დაახლოებით 4,005 დოლარამდე გაიზარდა, რაც ისტორიულ ნიშნულს წარმოადგენს.

ეკონომისტების თქმით, ოქროს მიმართ ინვესტორების ინტერესი კიდევ უფრო ძლიერდება მაშინ, როდესაც ბაზარზე გაურკვევლობა იზრდება — ამჯერადაც მთავარი ფაქტორები აშშ-ის მთავრობის დახურვის საფრთხე, დოლარის გაუფასურება და ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინია.

Goldman Sachs-ის სასაქონლო ბაზრების სტრატეგის, ლინა ტომპსონის, განცხადებით, ოქრო ტრადიციულად გამყარებას იწყებს მაშინ, როცა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოში გაურკვევლობა მაღალია. მისივე შეფასებით, წელსაც მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა: მარტში, როდესაც ოქროს ფასმა პირველად მიაღწია 3,000 დოლარს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაჭრობის პოლიტიკა გაამკაცრა და აპრილში უფრო ფართო ტარიფები დააწესა.

ოქროს ფასის ზრდის ბოლო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც სენატმა მთავრობის დახურვის თავიდან აცილების კანონპროექტის დამტკიცება ვერ მოახერხა. ამან ინვესტორები აიძულა, რისკიანი აქტივებიდან, მათ შორის ბიტკოინიდან და აქციებიდან, უფრო სტაბილურ აქტივზე გადასულიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs-მა ოქროს ფასის პროგნოზი წლის ბოლოსთვის 4,900 დოლარამდე გაზარდა. ცნობისთვის, წინა მაჩვენებელი 4,300 დოლარი იყო. წლის დასაწყისში JPMorgan Chase-ი და Citigroup-ი ბევრად ფრთხილ პროგნოზებს აკეთებდნენ — შესაბამისად, 2,950 და 3,000 დოლარს — თუმცა ოქროს ღირებულებამ ამ ნიშნულებს მარტში გადააჭარბა.