სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 7.6%-ით გაიზარდა და 1332 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32.4%-ით ნაკლები იყო.
2024 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 2 128 ლარი;
• სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 069 ლარი;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 983 ლარი;
• მშენებლობა – 1 943 ლარი;
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 1 919 ლარი.
რაც შეეხება საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ის 11.5%-ით, 204.0 ლარით გაიზარდა და 1 970.8 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, გასულ წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩებოდა.
ცნობისთვის, მედიანური ხელფასი ხელფასების დონის ერთ-ერთი მაჩვენებელია. მედიანური ხელფასის დასათვლელად ინდივიდუალური ხელფასის მაჩვენებლები უნდა დალაგდეს ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით და ზუსტად შუაში არსებული რიცხვი იქნება მედიანური ხელფასი.
როგორც საქსტატი განმარტავს, მედიანური ხელფასის გაანგარიშება მთლიანად ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, „მედიანური ხელფასის გასაანგარიშებლად, საწარმოებისგან/ორგანიზაციებისგან საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა რესპონდენტების ტვირთს“.