Op-Art – 18 წელი ქართულ ბაზარზე და ახალი გზა საერთაშორისო ასპარეზზე

Op-Art – 18 წელი ქართულ ბაზარზე და ახალი გზა საერთაშორისო ასპარეზზე

25 000-მდე დასრულებული პროექტი და 10 000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი – ავეჯის მწარმოებელი კომპანია Op-Art-ი 18-წლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს. მრავალწლიანი გამოცდილება, ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები კომპანიას ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ საიმედო პარტნიორად აქცევს. Op-Art-ის ისტორიაში პირველი გარდატეხა 2021 წელს ევროპული დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს გახსნას უკავშირდება. ამჯერად კი კომპანია ახალი ეტაპისთვის და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება. თითქმის ორ ათეულ განვლილ წელსა და სამომავლო გეგმებზე კითხვებს Op-Art-ის დირექტორი, ქეთი კუხალაშვილი პასუხობს.

უკვე 18 წელია, ქართულ ბაზარზე ხართ, როდის და როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა?

Op-Art დაარსდა 2007 წელს ერთი მიზნით — საქართველოში შეგვექმნა ისეთი ავეჯი და ინტერიერული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხარისხითა და დიზაინით ევროპულ სტანდარტებს გაუტოლდებოდა. გვინდოდა, ქართული ოჯახებისთვის და ბიზნესებისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი ნაწარმი, რომლიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ხარიხიანი, გამძლე და ფუნქციური. სამზარეულო თავიდანვე გახდა ჩვენი განსაკუთრებული ფოკუსი, რადგან ეს არის სახლის ყველაზე ემოციური სივრცე — ადგილი, სადაც ყოველდღიური ცხოვრება იწყება.

პირველი ნაბიჯები იყო პატარა, მაგრამ ამბიციური: რამდენიმე სამზარეულო, რომლებმაც მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა. წლების განმავლობაში ეს ნდობა გადაიზარდა მასშტაბურ წარმოებაში და დღეს Op-Art უკვე ასოცირდება ქართულ პრემიუმ ბრენდთან, რომელსაც  უკვე 18 წელია, ენდობიან.

ჩვენთვის გარდამტეხი იყო 2021 წელი, როდესაც თანამედროვე საწარმო გავხსენით. 7000 2მ-ზე განთავსებული ობიექტი ევროპული დანადგარებითა და ხელსაწყოებით არის აღჭურვილი. კომპანიამ შეძლო წარმოების მასშტაბის გაზრდა და ხარისხის კიდევ უფრო სტაბილური უზრუნველყოფა. ამან Op-Art-ს მისცა შესაძლებლობა, ერთდროულად ემსახუროს როგორც დიდ კორპორაციულ პროექტებს, ისე კერძო და მასშტაბურ დაკვეთებს.

რა არის კომპანიის ის მთავარი ღირებულებები, რომლებიც დაარსების დღიდან Op-Art-ის მამოძრავებელია?

ყველა გადაწყვეტილების საფუძველში დგას: ხარისხი — პროდუქტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს; ეკოლოგიურობა — მასალები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოსთვის; ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული პროექტი იქმნება კონკრეტული სივრცისა და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებით და სრული ციკლი — დიზაინიდან და წარმოებიდან, ტრანსპორტირებამდე და მონტაჟამდე.

ამ ღირებულებების ერთგულება კი სრულად ჩვენი გუნდის დამსახურებაა. დიზაინერები, ინჟინრები, ტექნოლოგები და მონტაჟის ჯგუფები მუშაობენ, როგორც ერთიანი ორგანიზმი. სწორედ ეს არის ჩვენი კომპანიის მთავარი საყრდენი და ძალა. თითოეულ პროექტს ბევრი ხელწერა აქვს, მაგრამ საბოლოოდ ეს ერთიან პროდუქტად იქცევა. გუნდის ერთგულება და პროფესიონალიზმი განაპირობებს იმას, რომ Op-Art-ის ნამუშევარი ყოველთვის გამოირჩევა.

ვის ემსახურებით და რა ტიპის სერვისს სთავაზობთ თქვენს მომხმარებელებს?

ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, რომლებსაც სურთ განსხვავებული და მაღალი ხარისხის პროდუქტები, ასევე კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებსაც სჭირდებათ მასშტაბური და ერთიანი დიზაინ-გადაწყვეტილებები.

Op-Art დღეს არის სრული ციკლის კომპანია, რომელიც ქმნის:

  • სამზარეულოებს — ინტეგრირებული სისტემებით და ფუნქციური დიზაინით;
  • ოთახშორის კარებს — ინტერიერის ყველაზე გამოკვეთილ ელემენტს;
  • კარადებს, საძინებლებს და ოფისურ ავეჯს;
  • ინტერიერის დამხმარე ელემენტებს — TV ზონებს, კედლის სისტემებს, მცირე ავეჯს.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მომხმარებლებისთვის სრული სერვისის შეთავაზებაა: იდეიდან და დიზაინიდან, წარმოებამდე და მონტაჟამდე — ყველაფერი ერთ სივრცეში. ეს ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგი არის არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ ჰარმონიული და ერთიანი.

როგორია პროცესი შეკვეთის მიღებიდან პროექტის ჩაბარებამდე?

ჩვენთან თანამშრომლობა იწყება კონსულტაციით. შემდეგ მოდის აზომვა და 3D ვიზუალიზაცია – დიზაინი, სადაც დამკვეთი რეალურად ხედავს, როგორ გამოიყურება მომავალი ინტერიერი. დიზაინის შერჩერვაში ჩვენი გუნდი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და რჩევებს აწვდის დამკვეთს და საბოლოოდ მათზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. ამის შემდეგ ირჩევა მასალები, იწყება წარმოება, ხარისხის კონტროლი და ბოლოს — მონტაჟი.

მონტაჟის დროს მიმდინარეობს პირდაპირი ე.წ. LIVE-ი და დამკვეთი ონლაინ რეჟიმში ხედავს თუ როგორ იქმნება მის თვალწინ სილამაზე და ფუნქციურობა. ეს არის გზა, რომელიც მთლიანად ჩვენს გუნდზე გადის, რათა მომხმარებელმა მიიღოს მზა შედეგი ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

აქვე დავამატებ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასალების ხარისხსა და ეკოლოგიურობას. ვიყენებთ MDF-ს, ბუნებრივ შპონს, მასიურ ხეს და იტალიურ საღებავებს, რომლებიც სერთიფიცირებულია უსაფრთხოებისა და გამძლეობის კუთხით. დიზაინში კი ვეძებთ ბალანსს — თანამედროვე და პრაქტიკულ სტილს, რომელიც ყოველთვის ერგება კონკრეტულ სივრცეს.

როგორ შეიცვალა ხედვა დიზაინზე და რა სურს თანამედროვე მომხმარებელს?

მას შემდეგ, რაც 18 წლის წინ საქმიანობა დავიწყეთ, ბუნებრივია, დიზაინის ტენდენციები არაერთხელ შეიცვალა — კლასიკური ფორმებიდან მინიმალიზმამდე, ფუნქციონალურობასა და ჰაეროვნებაზე აქცენტით. ჩვენი გუნდი ყოველთვის ახდენს ამ ცვლილებებზე დროული რეაგირებას და ხშირად თავად ვამკვიდრებთ ახალ სტანდარტებსა და ტენდენციებს. დღეს მომხმარებელი ეძებს მარტივ, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებებს, სადაც ესთეტიკა და პრაქტიკულობა ერთადაა.

თუ ადრე მთავარი იყო ვიზუალური ეფექტი, ახლა დამკვეთს სურს, რომ ინტერიერი იყოს ამავდროულად კომფორტული, ადვილად მოსავლელი და გამძლე. მაგალითად, სამზარეულოში მნიშვნელოვანია როგორც დიზაინი, ისე ტექნიკური დეტალები — სად ინახება ტექნიკა, როგორაა მოწყობილი განათება, რამდენად მარტივია ზედაპირის მოვლა. მომხმარებელი ითხოვს ისეთ პროდუქტს, რომელიც ყოველდღიურობას ამარტივებს.

როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო ხედვა?

ჩვენი სტრატეგია მუდმივი ინოვაცია და განვითარებაა — ახალი მასალების, ტექნოლოგიებისა და მოდულური სისტემების მოძიება და დანერგვა. პარალელურად, ვმუშაობთ ექსპორტზე გასვლაზე. ჩვენი მიზანია, რომ ქართულმა პროდუქტმა დაიკავოს ღირსეული ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. რატომაც არა?!

პირველი ნაბიჯები დაგეგმილია ჩვენი რეგიონისა და ამავდროულად ოკეანის გადაღმა – კანადის ბაზარზე. ეს არის ქვეყნები, სადაც მოთხოვნა მაღალია ხარისხიან და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მქონე ინტერიერზე, ხოლო ჩვენი, ქართული წარმოება, თავისი სტანდარტებითა და დიზაინით, კონკურენტუნარიანია. S