საბერძნეთის პარლამენტმა, ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, სამუშაო საათების გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი, სახელწოდებით „სამართლიანი სამუშაო ყველასთვის“, დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, სამუშაო დღე, ამჟამინდელი რვა საათიდან, 13 საათამდე გაახანგრძლივონ.
საბერძნეთის კონსერვატიული მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ახალი კანონმდებლობის მიზანია, შრომის ბაზარი უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახადოს.
თუმცა მიმდინარე თვის დასაწყისში სამუშაო საათების გაზრდის წინადადებას ორი საყოველთაო გაფიცვა მოჰყვა, პროფკავშირებმა კი ის შრომითი ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით ბერძნები სამსახურში გატარებული საათებით მანამდეც ლიდერობდნენ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 1,897 საათს მუშაობდნენ, რაც კონტინენტზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.