ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინაში ომის წარმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცეს. როგორც ირკვევა, ის რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს.

შეგახსენებთ, სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას სლოვაკეთი ეწინააღმდეგებოდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნები გასულ კვირას საბოლოო ტექსტზე შეთანხმდნენ. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკომისიისგან სანაცვლოდ ენერგიის მაღალ ფასებთან და კლიმატის მიზნების ავტომწარმოებლებისა და მძიმე მრეწველობის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით გარანტიები მოითხოვა.

სლოვაკი დიპლომატების ინფორმაციით, ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ქვეყნის მოთხოვნები საბოლოო კომუნიკეში დამატებული ახალი პუნქტებით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სლოვაკეთის წინააღმდეგობაც მოიხსნა.

გეგმის მიხედვით, თხევადი ბუნებრივი აირის აკრძალვა ორ ეტაპად განხორციელდება: მოკლევადიანი კონტრაქტები ექვსი თვის შემდეგ გაუქმდება, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტები – 2027 წლის 1-ელი იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ სრული აკრძალვა ერთი წლით ადრე ამოქმედდება, ვიდრე კომისიის მიერ ადრე შედგენილ გეგმაში იყო გათვალისწინებული. ეს ნაბიჯი ბლოკის რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას დაასრულებს.

ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსი დიპლომატებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტიდან კიდევ 117 გემის სანქცირებას, ძირითადად ტანკერების. შედეგად, სანქცირებული გემების საერთო რაოდენობა 558-მდე იზრდება. სანქცირებულთა სიაში შედის ყაზახეთისა და ბელარუსის ბანკებიც.

როგორც Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სიაში შევა ჩინეთის ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ოთხი სუბიექტი. მათ შორისაა ორი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, სავაჭრო კომპანია და სუბიექტი, რომელიც ხელს უწყობს ნავთობისა და სხვა სექტორებში სანქციების გვერდის ავლას.