₾16 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით, გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი დააკავეს

₾16 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით, გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი დააკავეს

სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდის საქმეზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ₾16 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვის ბრალდებით, პროკურატურამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი დააკავა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კუპატაშვილთან ერთად სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ოთხ პირს –  სამშენებლო კომპანიისა და საერთაშორისო კონსორციუმის წარმომადგენლებს – შეეხო.

„საქართველოს პროკურატურამ, სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია „Akkord’“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 11.5 კილომეტრიანი მონაკვეთის და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებდა ოთხი საერთაშორისო კომპანიისგან შემდგარი ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი თავის მხრივ ევალებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

პროექტის მიმდინარეობისა და ხიდის მშენებლობის პერიოდში, საზედამხედველო კომპანიის არცერთი უფლებამოსილი ექსპერტი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი, საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

მსგავსად შედგენილი, ყალბი აქტების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან კუპატაშვილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, თითქოსდა გაწეული მომსახურებისათვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1 172 539 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს.

შემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი თანხა, საერთო ჯამში აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

ზემოხსენებულ ფაქტზე, დაკავებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და პროექტის მენეჯერებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ-ინჟინერს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა კომპანიებისა თუ თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის გამოკვეთის მიზნით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სამტრედია-გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობდა. პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლიდან დაიწყო. პროექტის დასრულება არაერთგზის გადავადდა, რაც არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორების საქმიანობას უკავშირდება. თავდაპირველად, კონტრაქტი კომპანია Road Building ALTCOM-თან გაფორმდა, რომელმაც მრავალმილიონიანი ავანსების მიუხედავად მისი მხოლოდ 24% შეასრულა. 2018 წელს ის აზერბაიჯანულმა კომპანიამ Akkord lndustry Construction Investment Corporation-მა ჩაანაცვლა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არც მან დაასრულა, რის შემდეგაც მთავრობამ კონტრაქტი გააუქმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს ჩამოშლილი მერვე ბურჯი სწორედ ამ კომპანიის მიერ არის აშენებული. საუბარია, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, მდინარე რიონზე მდებარე 801 მეტრის სიგრძის ხიდზე.

ცნობისთვის, ამჟამად მდინარე რიონის ხიდის აღდგენის სამუშაოებს Caucasus Road Project-ი ახორციელებს. პროექტის დასრულება 2026 წლისთვის არის დაგეგმილი.