Google-ი გერმანიაში €5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს – Reuters

Google-ი გერმანიაში €5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს – Reuters

მედიასააგენტო Reuters-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Alphabet-ის შვილობილი კომპანია Google-ი გერმანიაში დაახლოებით 5 მილიარდი ევროს (5.8 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტირებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის უდიდეს ეკონომიკაში ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით განხორციელდება.

Reuters-ის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, გეგმები მოიცავს ახალი მონაცემთა ცენტრის მშენებლობას დიცენბახში, ფრანკფურტთან ახლოს, ამავდროულად კი Google-ი გააფართოებს უკვე არსებულ ობიექტს ჰანაუში, რომელიც იმავე რეგიონში მდებარეობს.

Google-ს ინვესტიციის მოცულობაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკვე განაცხადა, რომ „გერმანიაში მილიარდობით დოლარს ჩადებს და მომავლის რეალურ პრობლემებს ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და კლიმატ-ნეიტრალური ტრანსფორმაციის გზით გადაჭრის“.

გერმანიაში Google-ის ინვესტიციის შესახებ მეტი დეტალი, სავარაუდოდ, ცნობილი დღეს, 11 ნოემბერს ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე გახდება.