NYT: Amazon-ი 600,000-მდე სამუშაო ადგილზე ადამიანების რობოტებით ჩანაცვლებას გეგმავს

NYT: Amazon-ი 600,000-მდე სამუშაო ადგილზე ადამიანების რობოტებით ჩანაცვლებას გეგმავს

The New York Times-ი Amazon-ის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანია 2033 წლისთვის 600,000-მდე სამუშაო ადგილზე ადამიანების რობოტებით ჩანაცვლებას გეგმავს. ანგარიშში არ არის დაზუსტებული, გამოიწვევს თუ არა ეს სამსახურებიდან თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებებს. თუმცა კომპანიაში რობოტების რაოდენობის ზრდა მას საშუალებას მისცემს, მზარდი მოთხოვნა დამატებითი მუშახელის დაქირავების გარეშე დააკმაყოფილოს.

„გაჟონილი დოკუმენტები ხშირად ჩვენი გეგმების არასრულ და შეცდომაში შემყვან სურათს ქმნის და ეს ამ შემთხვევაშიც ასეა“, – განუცხადა CNET-ს Amazon-ის წარმომადგენელმა. „ამ შემთხვევაში, მასალები, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი გუნდის პერსპექტივას ასახავს და არ წარმოადგენს ჩვენს საერთო სტრატეგიას – ახლა ან მომავალში“, – დასძინა მან.

Amazon-ის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაგრძობს. მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკაში არცერთ კომპანიას არ შეუქმნია იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენიც Amazon-ს.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ი აშშ-ში სიდიდით მესამე დამსაქმებელია და ამ კუთხით მხოლოდ ფედერალურ მთავრობასა და Walmart-ს ჩამორჩება. კომპანია ძირითადად საწყობებსა და საკურიერო მიმართულებით დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს ასაქმებს. მხოლოდ რამდენიმე ამერიკულ კომპანიას ჰყავს 600 000-ზე მეტი თანამშრომელი. შედარებისთვის, FedEx-ს დაახლოებით 550 000 თანამშრომელი ჰყავს.

NY Times-ის რეპორტაჟი მიუთითებს, რომ Amazon-ის ავტომატიზაციის ინიციატივამ შესაძლოა ნახევარ მილიონზე მეტი პოზიცია ჩაანაცვლოს. კომპანია თავისი ოპერაციების დაახლოებით 75%-ის ავტომატიზაციას ისახავს მიზნად.

Amazon-მა რამდენიმე ობიექტში მასშტაბური ავტომატიზაცია უკვე განახორციელა. მაგალითად, ლუიზიანის შტატში, შრივპორტის ცენტრში, შეფუთვისა და გადაზიდვის ოპერაციების მნიშვნელოვან ნაწილს დაახლოებით ათასი რობოტი ასრულებს. ამან ადამიანური შრომითი რესურსის 25%-ით შემცირება გახადა შესაძლებელი. პროგნოზის თანახმად, 2026 წლისთვის ამ ობიექტს ადამიანი თანამშრომლების ორჯერ ნაკლები რაოდენობა დასჭირდება.

Amazon-ი მსგავსი მოდელის დანერგვას 2027 წლის ბოლომდე დამატებით 40-მდე ობიექტში გეგმავს. პარალელურად, კომპანია რობოტების ტექნიკური მომსახურების მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნას განაგრძობს. თუმცა ეს როლები სპეციალიზებულ უნარებს და ნაკლებ საერთო შრომას მოითხოვს.

Amazon-ის საწყობებში რობოტების როლის გაზრდამ შესაძლოა კომპანიას ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი დაუზოგოს. CNBC-ის ანგარიშის თანახმად, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა ბრაიან ნოვაკმა 2027 წლისთვის წლიური დანაზოგი 4 მილიარდ დოლარამდე შეაფასა.

შიდა დოკუმენტები მიუთითებს, რომ Amazon-ი ცდილობს, ავტომატიზაციაზე საზოგადოებრივი წარმოდგენაც შეამსუბუქოს. ამ მიზნით, კომპანია საკომუნიკაციო ტერმინოლოგიის შეცვლასაც განიხილავს: სიტყვები „ავტომატიზაცია“, „AI“ და „რობოტი“ შესაძლოა ჩანაცვლდეს ტერმინებით: „ადვანსებული ტექნოლოგია“ ან „კობოტი“, რათა ადამიანისა და მანქანის თანამშრომლობაზე უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს.