Nvidia და Microsoft-ი Anthropic-ში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ

Nvidia და Microsoft-ი Anthropic-ში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, Microsoft-ი და Nvidia, ახალი პარტნიორობის ფარგლებში, Anthropic-ში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. კერძოდ, Microsoft-ი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპში $5 მილიარდს დააბანდებს, Nvidia კი – $10 მილიარდს.

მეორე მხრივ, ჩატბოტ Claude-ის შემქმნელი Microsoft-ის Azure-ის ღრუბლოვანი სერვისების შესაძენად 30 მილიარდ დოლარს გამოყოფს. გარდა ამისა, Anthropic-მა დამატებით ერთი გიგავატი სიმძლავრის მიღებაზე წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა.

გავრცელებულ ბლოგპოსტში ნათქვამია, რომ Nvidia და Anthropic-ი ერთობლივად იმუშავებენ მოდელების არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულებით, რათა მომავალი Claude-მოდელები მაქსიმალურად ოპტიმიზირებული იყოს წარმადობის, ეფექტიანობისა და ხარჯების თვალსაზრისით.

„ეს ჩვენთვის ოცნების ახდენაა“, – განაცხადა Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა. „დიდი ხანია, აღფრთოვანებულნი ვართ Anthropic-ისა და Dario-ს მუშაობით და ეს პირველი ღრმა თანამშრომლობაა Anthropic-თან Claude-ის განვითარების დაჩქარების მიზნით“.

Microsoft-ის, Nvidia-სა და Anthropic-ის ახალი სტრატეგიული პარტნიორობა AI-რბოლას კიდევ უფრო ამძაფრებს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ OpenAI-მ Amazon.com-ისგან ღრუბლოვანი სერვისების შესყიდვასთან დაკავშირებით $38-მილიარდიანი გარიგების შესახებ განაცხადა.