გუშინ, 18 ნოემბერს, აშშ-ის სენატმა ჯეფრი ეპსტინის ფაილების გასაჯაროებას მხარი დაუჭირა. შედეგად, იუსტიციის დეპარტამენტი ვალდებული იქნება, ეპსტინის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოაქვეყნოს. თუმცა იმისათვის, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს, მას ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.
სენატის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაშიც დამტკიცდა, 427 ხმით 1-ის წინააღმდეგ.
დონალდ ტრამპმა, რომელიც ამ ფაილებს „დემოკრატების თაღლითობას“ უწოდებს, კვირას განაცხადა, რომ კანონპროექტს ხელს მოაწერს. აშშ-ის პრეზიდენტის მოუწოდა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრებს, კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირათ, რადგან, მისივე თქმით, „დასამალი არაფერი აქვთ“.
თუმცა დოკუმენტების გასაჯაროება შესაძლოა გარკვეული შეზღუდვებით მოხდეს. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მასალები, რომელთა გამოქვეყნებაც „საფრთხის ქვეშ დააყენებს აქტიურ ფედერალურ გამოძიებას ან მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნას“, შესაძლოა დროებით გასაიდუმლოებულად დარჩეს. ამასთან, კანონპროექტში განსაზღვრულია, რომ ეს შეზღუდვები უნდა იყოს „მინიმალური და დროებითი“. უცნობია, რა ვადაში დასრულდება მიმდინარე გამოძიება და როდის გახდება დოკუმენტების სრული მასალა საჯარო.
შეგახსენებთ, ამერიკელი ფინანსისტი, ჯეფრი ეპსტინი სექს-ტრეფიკინგისა და არასწრულწლოვანთა ექსპლუატაციის ბრალდებით 2019 წელს დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების თანახმად, მას ჰქონდა ფართო ქსელი, რომელიც არასრულწლოვანების გადაბირებას, სექსუალური ძალადობას და, სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანებისთვის მომსახურების გაწევას მოიცავდა.
ეპსტინი 2019 წლის აგვისტოში, სასამართლო პროცესამდე, ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად ოფიციალური დასკვნისა, რომ ეპსტაინმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო, ჩანაწერებში არსებულმა უზუსტობებმა და საკნის ვიდეომასალების არარსებობამ შეთქმულების თეორიები გააჩინა.
საქმესთან დაკავშირებული მასალები წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. 2024 წლის დასაწყისში მათი ნაწილი გასაჯაროვდა, თუმცა მაშინ მედია წერდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია უკვე იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვან ახალ დეტალებს არ შეიცავდა, მათ შორის საქმესთან დაკავშირებულ პირთა გამოაშკარავებას.









