ორშაბათს Amazon-მა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობისთვის ხელოვნური ინტელექტისა და სუპერკომპიუტერული შესაძლებლობების გასაფართოებლად 50 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. ეს წელს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მეოთხე უმსხვილესი გარიგებაა.
UBS-ის პროგნოზების თანახმად, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გლობალური წლიური ხარჯები, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის 375 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის წელიწადში 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე, ასევე ელექტროენერგიასა და სხვა რესურსებზე დანახარჯებს.
AI-ის მიმართულებით დაფინანსების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი ინვესტორი გამოთქვამს შიშს, რომ ტექნოლოგიური კომპანიების აქციები შეიძლება ზედმეტად იყოს შეფასებული და ბირჟები მალე ჩამოიშალოს: Bank of America-ს მიერ ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ინვესტორების 53% მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანიების აქციები „ბუშტშია“.
ამერიკულმა Forbes-მა მიმდინარე წელს ხელოვნური ინტელექტის სფეროში გაფორმებული ყველაზე მსხვილი გარიგებების ჩამონათვალი შემოგვთავაზა.
ხელოვნური ინტელექტის სფეროს ყველაზე მსხვილი გარიგებები 2025 წელს
1. $500 მილიარდი: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ OpenAI, SoftBank-ი და Oracle-ი შექმნიან ახალ კომპანიას, Stargate-ს, რომელიც, მისივე თქმით, „ისტორიაში ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს“ განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები მომდევნო წლებში აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 500 მილიარდ დოლარამდე ინვესტირებას და 100,000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავენ.
2. $300 მილიარდი: Wall Street Journal-მა, საკითხთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ OpenAI-მ გამოთვლით სიმძლავრეებზე წვდომის მისაღებად Oracle-თან 300 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. როგორც ცნობილია, Oracle-ი OpenAI-ისთვის დაახლოებით 4.5 გიგავატ სიმძლავრეს უზრუნველყოფს.
3. $100 მილიარდი: OpenAI-მ და Nvidia-მ ახალი პარტნიორობის შესახებ განაცხადეს. კერძოდ, Nvidia 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს OpenAI-ში, ეს უკანასკნელი კი Nvidia-ს სისტემებს (მინიმუმ 10 გიგავატს) ხელოვნური ინტელექტის მოდელების წვრთნისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურისთვის გამოიყენებს.
4. $50 მილიარდი: Amazon-მა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობისთვის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და სუპერკომპიუტერული შესაძლებლობების გასაფართოებლად 50 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. კერძოდ, ფედერალური სააგენტოებისთვის შექმნილი ახალი მონაცემთა ცენტრების მეშვეობით თითქმის 1.3 გიგავატი სიმძლავრის უზრუნველყოფაა დაგეგმილი.
5. $50 მილიარდი: Anthropic-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე 50 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, მათ შორის ტეხასისა და ნიუ-იორკის მონაცემთა ცენტრების პროექტებში, რომლებიც, Anthropic-ის მოლოდინით, 800 მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის.
6. $40 მილიარდი: Oracle-მა განაცხადა, რომ ტეხასის შტატში OpenAI-ის მონაცემთა ცენტრის უზრუნველსაყოფად Nvidia-ს 40 მილიარდი დოლარის ღირებულების AI-ჩიპებს შეიძენს. Financial Times-ის ინფორმაციით, ეს, სავარაუდოდ, Stargate-ის ფარგლებში დაგეგმილი პირველი პროექტია.
7. $38 მილიარდი: OpenAI-მ და Amazon-მა 38 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმების შესახებ განაცხადეს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, OpenAI მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში Amazon-ის ღრუბლოვან ტექნოლოგიებს გამოიყენებს, ხოლო Amazon-ი ChatGPT-ის მწარმოებელს Nvidia-ს ასობით ათას გრაფიკულ პროცესორს მიაწვდის.
8. $30 მილიარდი: Oracle-მა, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილ დოკუმენტში, ღრუბლოვანი სერვისების რამდენიმე „დიდი“ შეთანხმება გაამხილა. მათ შორისაა 30 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, OpenAI-სთან გაფორმდა.
9. $30 მილიარდი: Anthropic-ი Microsoft-ისგან 30 მილიარდი დოლარის ღირებულების ღრუბლოვან ტექნოლოგიებს შეიძენს, რომელიც თავის სერვისებს Nvidia-ს სისტემებით მოამარაგებს. სამმხრივი პარტნიორობის ფარგლებში, Nvidia და Microsoft-ი Anthropic-ში, შესაბამისად, $10 მილიარდისა და $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავენ.
10. $25 მილიარდი: Google-მა მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში 25 მილიარდი დოლარის ინვესტირების გეგმების შესახებ განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, ეს ინვესტიცია „ხელოვნური ინტელექტით მართულ ეკონომიკაში ენერგეტიკული სიმძლავრის, ინოვაციისა და შესაძლებლობების გაფართოებას“ შეუწყობს ხელს.
11. $22.4 მილიარდი: ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მიმწოდებელმა კომპანია CoreWeave-მა განაცხადა, რომ OpenAI-სთვის მომსახურების მიწოდების $6.5-მილიარდიანი გარიგება გაფორმდა. ამან OpenAI-სა და CoreWeave-ის გარიგებების საერთო ღირებულება დაახლოებით 22.4 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. CoreWeave-მა მარტში განაცხადა, რომ ხუთი წლის განმავლობაში OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებითა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფდა.
12. $20 მილიარდი: Oracle-ის ხელმძღვანელებმა Meta-სთან 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტის გაფორმება დაადასტურეს. შეთანხმების მიხედვით, Oracle-ი Meta-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგისა და მუშაობისთვის ღრუბლოვანი კომპიუტერული შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.
13. $10 მილიარდი: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Intel-ი აშშ-ისთვის კომპანიის 10%-იანი წილის გადაცემას დათანხმდა. გარიგების ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ფედერალურ მთავრობას ჩიპების მწარმოებლის მესამე უმსხვილეს აქციონერად აქცევს.
15. $6.3 მილიარდი: CoreWeave-მა მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენილ დოკუმენტში განაცხადა, რომ Nvidia-სთან 2032 წლამდე დაახლოებით 6.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ღრუბლოვანი სერვისების შეძენაზე ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმება Nvidia-ს ავალდებულებს, შეიძინოს ნებისმიერი ღრუბლოვანი კომპიუტერული მომსახურება, მათ შორის ისეთი, რომელსაც მისი მომხმარებლები არ იყენებენ.
16. $6.2 მილიარდი: ჯეფ ბეზოსი Google X-ის ყოფილ დირექტორ ვიკ ბაჯაჯთან ერთად ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Project Prometheus-ის თანააღმასრულებელი დირექტორი იქნება, რომელმაც უკვე 6.2 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოიპოვა, მათ შორის თავად ბეზოსისგან.
17. $1 მილიარდი: აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ორი სუპერკომპიუტერის შესაქმნელად AMD-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. AMD-ის ცნობით, ეს სისტემები „მეცნიერების, ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მიღწევებს შეუწყობს ხელს“. პირველი კომპიუტერი, სახელწოდებით Lux, სავარაუდოდ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამოქმედდება, ხოლო მეორე კომპიუტერი, Discovery – 2029 წლისთვის.











