ევროპა და კანადა უკრაინისთვის €4.3 მილიარდის ღირებულების ამერიკულ იარაღს შეიძენენ

ევროპა და კანადა უკრაინისთვის €4.3 მილიარდის ღირებულების ამერიკულ იარაღს შეიძენენ

დასავლელი მოკავშირეები, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მიმდინარე წელს, უკრაინისთვის გადასაცემად €4.3 მილიარდის ($5 მილიარდი) ღირებულების იარაღს შეიძენენ. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

რუტეს ინფორმაციით, პარტნიორმა ქვეყნებმა კიევისთვის მილიარდობით დოლარის ამერიკული იარაღის შესყიდვის ვალდებულება „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) ინიციატივის ფარგლებში მიიღეს. პროგრამა ივლისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობის მიწოდების მკვეთრი შეზღუდვა დააანონსა.

აშშ-ის მარაგებიდან უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვას კოორდინაციას NATO გაუწევს. პროგრამაში მონაწილეობის ვალდებულება უკვე აიღეს რიგმა სახელმწიფოებმა, მათ შორის კანადამ (171 მილიონი ევრო), ნიდერლანდებმა (214 მილიონი ევრო), ნორვეგიამ, პოლონეთმა და გერმანიამ ჯამში 429 მილიონ ევროს გამოყოფით, ასევე ალიანსს გარეთ – ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ.

რუტეს პროგნოზით, მოკავშირე სახელმწიფოების რიცხვი მომავალში გაიზრდება, ხოლო PURL-ის ვალდებულებები 2026 წლის ბოლოსთვის თვეში მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ცნობისთვის, ამ ეტაპზე პროგრამის გარეთ არიან იტალია და საფრანგეთი. ეს უკანასკნელი უკრაინისთვის ევროპაში წარმოებული აღჭურვილობის გადაცემას უჭერს მხარს.