9 დეკემბერს, ვერცხლის ფასმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და $60-ს პირველად გადააჭარბა. გლობალური მიწოდების შეფერხებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინში, ვერცხლმა ზრდის მაჩვენებლით ოქროს გადაუსწრო.
სამშაბათს ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ვერცხლის ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა და უნციაზე 60.82 დოლარი შეადგინა, ხოლო ვერცხლის ფიუჩერსები 4%-ზე მეტით გაიზარდა და თითქმის 61 დოლარს მიაღწია.
ვერცხლის ფასების ბოლოდროინდელი ზრდა ტრეიდერების მოლოდინებს უკავშირდება. ისინი 87%-იან ალბათობით აფასებენ, რომ ფედერალური რეზერვი ოთხშაბათს საპროცენტო განაკვეთებს მეოთხედი პუნქტით შეამცირებს. CME-ის FedWatch-ის თანახმად, ძვირფასი ლითონების ფასების ზრდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და აშშ დოლარის შესუსტებას ხშირად ემთხვევა.
აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აშშ დოლარის ინდექსი 8.5%-ით დაეცა, მათ შორის ბოლო თვის განმავლობაში 0.5%-იანი კლება აღინიშნა.
ვერცხლის გაძვირებაზე გავლენა იმანაც იქონია, რომ ნოემბერში ეს ძვირფასი ლითონი აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიერ კრიტიკული მინერალების სიას დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ვერცხლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეკონომიკისთვის და მიწოდების ჯაჭვების რღვევის პოტენციური რისკების წინაშე დგას. ეს ინვესტორებისთვის სიგნალია, რომ ვერცხლზე შესაძლოა აშშ-ში, გლობალური მარაგების შემცირების ფონზე, ტარიფები დაწესდეს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში ვერცხლის ფასი თითქმის 109%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ოქროს გაუსწრო, რომელიც აღნიშნულ პერიოდში 60%-ით გაძვირდა.








