ლარი ელისონი Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მესამე ადგილზე დაბრუნდა

ლარი ელისონი Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მესამე ადგილზე დაბრუნდა

Oracle-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ლარი ელისონი, ამერიკული Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში კვლავ მესამე ადგილზე გადავიდა, მას შემდეგ, რაც ქონებით Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო. ელისონის ქონების ზრდა პირდაპირ კავშირშია Oracle-ის აქციების ფასის 6%-იან მატებასთან, რაც, თავის მხრივ, TikTok-ის ამერიკული ბიზნესის გარშემო გაფორმებულმა სტრატეგიულმა შეთანხმებამ განაპირობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინური პლატფორმის მფლობელმა კომპანია ByteDance-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით, Oracle-ი, კერძო საინვესტიციო კომპანია Silver Lake-ი და აბუ-დაბიში ბაზირებული MGX, TikTok-ის ამერიკული ბიზნესის დაახლოებით 45%-ს დაეუფლებიან. აღნიშნულმა გარიგებამ წერტილი დაუსვა ხანგრძლივ დავას პოპულარული აპლიკაციის გარშემო, რომელსაც აშშ-ში სრული აკრძალვა ემუქრებოდა.

იხილეთ ასევე: ჩინურმა ByteDance-მა აშშ-ში ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შეთანხმებას ხელი მოაწერა

მოსალოდნელია, რომ გარიგება საბოლოოდ 22 იანვარს დაიხურება, ერთი დღით ადრე იმ დედლაინამდე, რომელიც კომპანიას ამერიკული აქტივების 80%-ის გასხვისებისთვის ჰქონდა მიცემული. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, TikTok-ის მომავალი მფლობელი კომპანიის ღირებულება დაახლოებით 14 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დღეს, 19 დეკემბერს, ლარი ელისონის ქონება 15 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ამჟამად 244.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მან ჯეფ ბეზოსს (239 მლრდ დოლარი) გადაუსწრო და მცირედით ჩამორჩება Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯს, რომლის ქონება 250.1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. რეიტინგის სათავეში კვლავ ილონ მასკი რჩება 680.4 მილიარდი დოლარით.

შეგახსენებთ, ოქტომბერში ლარი ელისონი გახდა ისტორიაში მეორე ადამიანი, რომლის ქონებამაც 400 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ Oracle-ის აქციების ფასის მერყეობის გამო მისი პოზიციები რეიტინგში პერიოდულად იცვლებოდა.