ევროკომისია: საქართველომ შესაძლოა უვიზო რეჟიმი სრულად დაკარგოს

ევროკომისია: საქართველომ შესაძლოა უვიზო რეჟიმი სრულად დაკარგოს

ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საწყის ეტაპზე უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეუჩერდებათ, მომდევნო ეტაპზე კი, თუ გარკვეული ზომები არ იქნება მიღებული, ის მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება.

ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და რეკომენდაციების შესასრულებლად.

ანგარიშის თანახმად, ამის მიუხედავად, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული არაერთი ვალდებულება დაარღვია და ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციები ვერ შეასრულა.

ამის საპასუხოდ, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების გადახედილი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა.

იხილეთ ასევე: ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

„ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეიძლება მიმართული იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებზე, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზომების მიუღებლობაზე. ამჟამად მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი წესები უზრუნველყოფს შეჩერების ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ სახელმწიფოში, რადგან დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი ვიზებისგან გათავისუფლება აღარ იქნება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ვიზების მოთხოვნა აღდგება ამ ჯგუფებისთვის ევროკავშირის დონეზე. მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს, უვიზო რეჟიმის შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება უვიზო რეჟიმი მთლიანად დაკარგოს და მოხვდეს ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც ვიზა სავალდებულოა“, – წერია ანგარიშში.