აშშ-მა ICC-ის ქართველი მოსამართლე დაასანქცირა

აშშ-მა ICC-ის ქართველი მოსამართლე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორი მოსამართლის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. შეზღუდვები შეეხო საქართველოს მოქალაქე გოჩა ლორთქიფანიძესა და მონღოლეთის წარმომადგენელ ერდენებალსურენ დამდინს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წინააღმდეგობა გაუწიოს ისრაელის ოფიციალური პირების მიმართ ჰააგაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც ისრაელ-ჰამასის ომს უკავშირდება.

ვაშინგტონის პოზიციით, დასანქცირებული მოსამართლეები მონაწილეობდნენ პროცესებში, რომლებიც ისრაელის მოქალაქეების დაკავებასა თუ დევნას ისრაელის სახელმწიფოს თანხმობის გარეშე ითვალისწინებდა. კერძოდ, საუბარია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ ისრაელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ICC აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც საშიშ პრეცედენტს ქმნის ყველა ერისთვის. ჩვენ არ შევეგუებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს აშშ-ისა და ისრაელის სუვერენიტეტს და არასწორად აქვემდებარებს შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში.

ცნობისთვის, გოჩა ლორთქიფანიძე 2013-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2020-2021 წლებში კი საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო. იგი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ 2020 წლის დეკემბერში აირჩიეს, 2024 წელს კი სააპელაციო პალატის პრეზიდენტი გახდა.