შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ელისაბედ ბაუმ-შნაიდერი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ მეტი უნდა გააკეთოს არასრულწლოვნების დასაცავად იმ რისკებისგან, რაც ციფრულ პლატფორმებს ახლავს თან.

ავსტრალიის მიერ 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შემდეგ, ბაუმ-შნაიდერმა გაზეთ SonntagsBlick-თან განაცხადა, რომ მსგავსი ზომები შვეიცარიამაც უნდა განიხილოს.

„დებატები, რომლებიც ავსტრალიასა და ევროკავშირში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია და ის შვეიცარიაშიც უნდა გაიმართოს. მე ღია ვარ სოციალური მედიის აკრძალვისთვის, რადგან ჩვენი შვილები უკეთ უნდა დავიცვათ“, – განაცხადა მინისტრმა გაზეთ SonntagsBlick-თან ინტერვიუში.

იხილეთ ასევე: ავსტრალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიაპლატფორმები აკრძალა

ბაუმ-შნაიდერის თქმით, ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის: ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების პირდაპირი აკრძალვა; მავნე კონტენტის შეზღუდვა; იმ ალგორითმების კონტროლი, რომლებიც ახალგაზრდების მოწყვლადობას ბოროტად იყენებს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა თავად სოციალური მედიის პლატფორმებსაც ეკისრება იმ კონტენტზე, რომელსაც მათი გავლით მოზარდები იღებენ. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე დეტალური მსჯელობა ახალი წლიდან დაიწყება, რასაც საფუძვლად სპეციალური ანგარიში დაედება.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში ამ მიმართულებით ადგილობრივ დონეზე გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მიმდინარე თვის დასაწყისში, ფრიბურგის კანტონის პარლამენტმა სკოლებში 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა.

რაც შეეხება ავსტრალიას, ქვეყანაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სოციალური ქსელების აკრძალვას დადებითად შეხვდნენ მშობლები და ბავშვთა უფლებების დამცველები, ხოლო ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერებმა გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს.