Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალთა სპორტული გუნდების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში ამერიკული ქალთა საკალათბურთო ლიგის (WNBA) გუნდები მოხვდნენ. რეიტინგის პირველ ადგილს კი New York Liberty იკავებს, რომლის ღირებულებაც 400 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ სიის საუკეთესო ხუთეული მთლიანად WNBA-ის გუნდებითაა დაკომპლექტებული. New York Liberty-ს სიაში მოჰყვება Indiana Fever-ი, Seattle Storm-ი, Las Vegas Aces-ი და Phoenix Mercury.
ბოლო რამდენიმე წელიწადია ქალთა გუნდების ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. თუ ადრე მათ ხშირად მამაკაცთა გუნდების ყიდვისას „უფასო დანამატად“ განიხილავდნენ, დღეს 25 ყველაზე ძვირადღირებული ქალთა გუნდის ჯამური ღირებულება 5.6 მილიარდ დოლარს აღწევს.
მაგალითისთვის, Las Vegas Aces-ი, რომელიც 2021 წელს მილიარდერმა მარკ დევისმა სულ რაღაც 2 მილიონ დოლარად შეიძინა, დღეს 310 მილიონად არის შეფასებული. ასეთივე ნახტომი განიცადა ქალთა საფეხბურთო გუნდებმაც. კერძოდ, NWSL-ის გუნდების საშუალო ფასი 224 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, მათ შორის ვაშინგტონის Washington Spirit-ის ღირებულებამ სამ წელიწადში 35 მილიონიდან 130 მილიონამდე მოიმატა.
ამ ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის რეკორდული ტელერეიტინგები და მულტიმილიონიანი სამაუწყებლო ხელშეკრულებები. WNBA-მ 2024 წელს 11-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ლიგას 2.2 მილიარდ დოლარს მოუტანს. ზრდაზე უდიდესი გავლენა იქონია ე.წ. „ქეითლინ კლარკის ეფექტმა“, რამაც ლიგის მიმართ ინტერესი და სპონსორების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. კლარკი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალია. ინვესტორებს შორის უკვე ვხედავთ მსხვილ ვენჩურულ ფონდებსა და ცნობილ მილიარდერებს, რაც ქალთა სპორტს მნიშვნელოვან აქტივად აქცევს.
ამერიკასთან ერთად, ბოლო წლებში ევროპაშიც მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება, თუმცა ევროპული ქალთა კლუბები ჯერ კიდევ მამაკაცთა გუნდების ფინანსურ ჩრდილში არიან. გამონაკლისია ლონდონის „ჩელსი“, რომლის 10%-იანი წილი Reddit-ის დამფუძნებელმა ალექსის ოჰანიანმა 250 მილიონი დოლარის შეფასებით შეიძინა, რის შედეგადაც კლუბი Forbes-ის რეიტინგის მე-10 ადგილზე მოხვდა.
გამოწვევების მიუხედავად ქალთა გუნდები, როგორიცაა „არსენალი“, „ბარსელონა“ და „ბაიერნი“, ბრენდის გლობალური ცნობადობის წყალობით მაღალ საინვესტიციო პოტენციალს მაინც ინარჩუნებენ. ექსპერტების აზრით, ქალთა სპორტი ახლა იმ ფაზაშია, სადაც ინვესტიცია მომავლის დიდ მოგებაზე გათვლილი ფსონია.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალთა სპორტული გუნდები
#1. $400 მილიონი
New York Liberty
ლიგა: WNBA | შემოსავალი: $25 მილიონი

#2. $370 მილიონი
Indiana Fever
ლიგა: WNBA | შემოსავალი: $32 მილიონი
#3. $330 მილიონი
Seattle Storm
ლიგა: WNBA | შემოსავალი: $21 მილიონი
#4. $310 მილიონი
Las Vegas Aces
ლიგა: WNBA | შემოსავალი: $22 მილიონი

#5. $300 მილიონი
Phoenix Mercury
ლიგა: WNBA | შემოსავალი: $25 მილიონი
#6. $280 მილიონი
Angel City FC
ლიგა: NWSL | შემოსავალი: $35 მილიონი
#7. $275 მილიონი
Kansas City Current
ლიგა: NWSL | შემოსავალი: $36 მილიონი

#8. $260 მილიონი
Arsenal
ლიგა: ქალთა სუპერლიგა | შემოსავალი: $19 მილიონი
#9. $255 მილიონი
Barcelona
ლიგა: ლიგა F | შემოსავალი: $19 მილიონი
#10 (თანაბარი). $250 მილიონი
Chelsea
ლიგა: ქალთა სუპერლიგა | შემოსავალი: $25 მილიონი

#10 (თანაბარი). $250 მილიონი
Dallas Wings
ლიგა: WNBA | შემოსავალი: $15 მილიონი









