სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.1%-ით.
2025 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები 0.7%-ით გაიზარდა, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა ჯამური ინდექსის ზრდაზე.
ამავე პერიოდში, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფის ფასები გაიზარდა 1.3%-ით, რამაც 1.03 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა მთლიანი ინდექსის ცვლილებას. ამ კატეგორიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია კვების პროდუქტების ფასების 2.2%-იანი და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებსა და ქიმიურ პროდუქტებზე ფასების 5.8%-იანი ზრდა, რომელიც ინდექსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ამის საპირისპიროდ, თვიურ ჭრილში კლების ტენდენცია დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში — აქ ფასები 1.5%-ით შემცირდა, რის შედეგადაც აღნიშნულმა კატეგორიამ 0.16 პროცენტული პუნქტით შეამცირა თვის ჯამური ინდექსი.
ბოლო 12 თვის განმავლობაში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სამთო-მოპოვებით, დამამუშავებელ და ენერგეტიკულ სექტორებში.
სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები 24.2%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.55 პროცენტული პუნქტით აისახა. განსაკუთრებით გაიზარდა ლითონის მადნების ფასები — 33.3%-ით.
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8%-ით, რაც ინდექსის ზრდაზე 3.86 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ კატეგორიაში ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებსა (11.3%) და სასმელებზე (2.8%).
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში ფასები ბოლო 12 თვეში 6.2%-ით გაიზარდა, რაც ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა.
წლიურ ჭრილში 1.7%-ით გაიზარდა ფასები ჯგუფში: წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით. ამან მთლიან ინდექსზე 0.05 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.









