აშშ-მა არალეგალი მიგრანტებისთვის „თვითდეპორტაციის“ სანაცვლოდ შეთავაზებული თანხა სამჯერ გაზარდა

აშშ-მა არალეგალი მიგრანტებისთვის „თვითდეპორტაციის“ სანაცვლოდ შეთავაზებული თანხა სამჯერ გაზარდა

აშშ-ის ხელისუფლებამ სამჯერ გაზარდა ფულადი დახმარება იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას, ე.წ. „თვითდეპორტაციას“ დათანხმდებიან. შესაბამისად, ეს თანხა 3,000 დოლარით განსაზღვრა. ამის შესახებ შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ თანხას მიიღებენ ის არალეგალი მიგრანტები, რომლებიც წლის ბოლომდე ქვეყნის დატოვების მიზნით რეგისტრაციას გაივლიან. აღსანიშნავია, რომ ფულად დახმარებასთან ერთად, სახელმწიფო მათ სამშობლოში დასაბრუნებელ უფასო ავიაბილეთებსაც სთავაზობს.

„არალეგალმა უცხოელებმა უნდა ისარგებლონ ამ საჩუქრით და თვითდეპორტაციას მიმართოდ, რადგან თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მათ ვიპოვით, დავაპატიმრებთ და ისინი უკან (აშშ-ში) ვეღარასდროს დაბრუნდებიან“, – განაცხადა შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა კრისტი ნოემმა.

პროცესის გასამარტივებლად ადმინისტრაციამ აპლიკაცია CBP Home აამოქმედა, რომელიც მანამდე ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ში ლეგალურად შესასვლელად გამოიყენებოდა.

იხილეთ ასევე: ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალ მიგრანტებს აშშ-ის დასატოვებლად $1000-ს გადაუხდის

აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკურ ფაქტორებსაც ეფუძნება. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მაისის მონაცემებით, ერთი არალეგალის დაკავება, იზოლაციაში განთავსება და იძულებითი დეპორტაცია სახელმწიფოს საშუალოდ 17,000 დოლარი უჯდება. შესაბამისად, 3,000-დოლარიანი შეთავაზება ბიუჯეტისთვის გაცილებით იაფი გზაა, ვიდრე ადამიანების ქვეყნიდან ძალისმიერი მეთოდებით გაძევება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც თანამდებობაზე რეკორდული დეპორტაციების დაპირებით მოვიდა, მიმდინარე წელს უკვე 622,000 მიგრანტის გაძევება შეძლო, მიუხედავად საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა. 2026 წლისთვის ადმინისტრაცია კიდევ უფრო მასშტაბურ კამპანიას აანონსებს, რაც მილიარდობით დოლარის დაფინანსებას, ათასობით ახალი აგენტის დაქირავებასა და დაკავების ახალი ცენტრების გახსნას ითვალისწინებს.