სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 23.218 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტმა 6.618 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 10.1%-იან ზრდას გულისხმობს. იმპორტმა კი 16.600 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წლიურ ჭრილში 9.3%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, იანვარ-ნოემბერში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.981 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0%-ია.
2025 წლის 11 თვის მონაცემებით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი არიან: თურქეთი (2.798 მლრდ. აშშ დოლარი), აშშ (2.590 მლრდ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2.388 მლრდ. აშშ დოლარი).
იხილეთ ასევე: საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში
სასაქონლო ჯგუფებიდან, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა თითქმის 2.622 მილიარდი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 39.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 339.6 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.1%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 256.4 მილიონი აშშ დოლარით (3.9%).

საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორისაც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, რომელთა მთლიანმა იმპორტმა 3.538 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 21.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.228 მლრდ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 605.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6%).











