საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი მე-3 ადგილზეა - რას ვყიდით და ვყიდულობთ?

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი მე-3 ადგილზეა - რას ვყიდით და ვყიდულობთ?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 23.218 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტმა 6.618 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 10.1%-იან ზრდას გულისხმობს. იმპორტმა კი 16.600 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წლიურ ჭრილში 9.3%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, იანვარ-ნოემბერში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.981 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0%-ია.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი 2.38 მილიარდი აშშ დოლარით მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ თურქეთსა (2.79 მილიარდი აშშ დოლარი) და აშშ-ს (2.59 მილიარდი აშშ დოლარი) ჩამორჩება. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ექსპორტში რუსეთი მესამე პოზიციაზეა 672.50 მილიონი აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, ის 1.71 მილიარდი აშშ დოლარით, მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 6.4%-ით არის გაზრდილი, მეორე შემთხვევაში კი – 5%-ით.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, ყურძნის ნატურალური ღვინოები ლიდერობს. ამ პროდუქტის ექსპორტის მოცულობამ 156.67 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე სპირტიანი სასმელებია 143.28 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) იკავებს 66.73 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულში მოხვდა მინერალური და გაზიანი წყლები (შაქრის შემცველობით), ასევე დანარჩენი ახალი ხილი, შესაბამისად, 48.40 მილიონითა და 47.70 მილიონი აშშ დოლარით.

რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს, ამ შემთხვევაში, 456.68 მილიონი აშშ დოლარით ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს, მეორე ადგილზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებია 160.90 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი ხორბალი და მესლინი იკავებს 91.26 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს ასრულებს ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები, შესაბამისად, 60.41 და 50.25 მილიონი აშშ დოლარით.