ერიკ ტრამპი, რომელიც უკვე ცხრა წელია, მამის ბიზნესს უდგას სათავეში, არ ფლობს წილებს იმ უძრავ ქონებაში, რომლითაც „ტრამპის ორგანიზაციაა“ ცნობილი. თუმცა მან მემკვიდრეობით რაღაც უფრო ღირებული მიიღო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დონალდ ტრამპმა პოლიტიკური პოპულარობის პირად სიმდიდრედ ქცევის მასტერკლასი ჩაატარა, ერიკი კი მისი საუკეთესო მოსწავლე აღმოჩნდა. დღეს მისი ქონება ამერიკული Forbes-ის მიერ 400 მილიონ დოლარადაა შეფასებული, რაც ერიკის და-ძმების კაპიტალს აღემატება.
იხილეთ ასევე: რა ქონებას ფლობს დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი ბარონ ტრამპი?
ერიკ ტრამპის სიმდიდრის ყველაზე დიდ ნაწილს კომპანია American Bitcoin-ში წილი შეადგენს. კომპანია კრიპტოვალუტის მოპოვებითა და შენახვითაა დაკავებული. Forbes-ის ინფომრაციით, სექტემბრის ბოლოსთვის American Bitcoin-ი 3,418 ბიტკოინს ფლობდა, რომელთა ღირებულებაც დღევანდელი ფასებით დაახლოებით 320 მილიონი დოლარია. თავად American Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც ერიკის 7.3%-იან წილს 160 მილიონ დოლარად აფასებს. სექტემბრის დასაწყისში ტელევიზიით გამოსვლისას ერიკი ამაყობდა ამ წამოწყებით და აცხადებდა, რომ მათი ამბიცია პლანეტაზე საუკეთესო კრიპტოკომპანიის შექმნაა.
American Bitcoin-ი ერთადერთი ღირებული წამოწყება არ არის, რომლითაც ერიკი ბოლო დროს დაკავდა. World Liberty Financial-ში მისი წილი დაახლოებით 135 მილიონ დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია მამამ შვილებთან ერთად არჩევნების წინ დააფუძნა. სხვა ახალ აქტივებთან ერთად, ამ ორმა კრიპტოპროექტმა ერიკის ქონება ათჯერ გაზარდა იმ ნიშნულთან შედარებით, რომელზეც მამის თეთრ სახლში დაბრუნებამდე იყო. როგორც გამოცემა წერს, ერიკ ტრამპი ამ შეფასებებს არ ეთანხმება, თუმცა დეტალურ განმარტებებზეც უარს აცხადებს.
იხილეთ ასევე: როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი?
Forbes-ის დაკვირვებით, ერიკ ტრამპის კრიპტო-წარმატება კომპანია American Data Centers-ით დაიწყო, რომელიც მან ძმასთან ერთად თებერვალში დააფუძნა. მალევე იგი ბიტკოინის მომპოვებელ ოპერატორთან, Hut 8-სთან გაერთიანდა, რის შედეგადაც American Bitcoin-ი შეიქმნა. მოგვიანებით კიდევ ერთი შერწყმა მოხდა საჯარო კომპანია Gryphon-თან. როდესაც გაერთიანებული კომპანია საფონდო ბირჟაზე ახალი სიმბოლოთი, ABTC, გამოჩნდა, აქციის ფასმა პიკს მიაღწია, რამაც ერიკის 68 მილიონი აქცია თითქმის 1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. თუმცა მოგვიანებით აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა.
სექტემბრის შუა რიცხვებში, როდესაც Forbes-მა Forbes 400-ის ყოველწლიური რეიტინგის ფარგლებში ტრამპების ოჯახის ქონება შეაფასა, ერიკ ტრამპის კაპიტალი დაახლოებით 750 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ თანხიდან 500 მილიონი დოლარი სწორედ American Bitcoin-ში მის წილზე მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ეს მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული, ერიკი მაინც ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე გასულ წელს იყო.
იხილეთ ასევე: რა ქონებას ფლობს დონალდ ტრამპის ოჯახი?
მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროექტის, World Liberty Financial-ის წარმატებამ, რამაც ერიკის აქტივები დამატებითი კრიპტო-შემოსავლებით შეავსო. ბოლო ფინანსური დეკლარაციების თანახმად, კომპანიაში ოჯახის კუთვნილი წილის 70%-ს მამამისი, დონალდ ტრამპი აკონტროლებს. თუ დავუშვებთ, რომ დარჩენილი 30% თანაბრად ნაწილდება ერიკზე, დონალდ უმცროსსა და ბარონზე, რომლებიც ასევე დამფუძნებლებად მიიჩნევიან, Forbes-ის დათვლებით, ერიკს კრიპტოვალუტის გაყიდვებიდან, გადასახადების შემდეგ, ნაღდი ფულის სახით დაახლოებით 80 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. ამას ემატება 36 მილიონი დოლარის ღირებულების საკუთარი ტოკენები და 19 მილიონი დოლარი USD1-დან, რომელიც World Liberty-ის სტეიბლკოინების ბიზნესს წარმოადგენს.









