BestBrokers-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც ოქროს მსოფლიო საბჭოს დეკემბრის მონაცემებს ეფუძნება, 2025 წელს ყველაზე მეტი ოქრო სინგაპურმა გაყიდა. კერძოდ, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა საანგარიშო პერიოდში ბაზარზე გასაყიდად 15.24 ტონა ოქრო გაიტანა.
ამ შედეგით სინგაპურმა უზბეკეთს გაუსწრო, რომელმაც, ლიკვიდობის მართვის მიზნით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 11.82 ტონა ოქრო გაყიდა.
ექსპერტების შეფასებით, ეს გაყიდვები არა სტრატეგიულ უკანდახევას, არამედ გაზრდილი ფასების ფონზე პორტფელების ოპტიმიზაციასა და ფულადი სახსრების მართვას უკავშირდება.
რაც შეეხება ოქროს ყველაზე აქტიურ მყიდველს, წელს ეს სტატუსი პოლონეთმა შეინარჩუნა. გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს ქვეყანამ რეზერვებს 82.67 ტონა ოქრო დაამატა და ჯამური მოცულობა 530.9 ტონამდე გაზარდა.
იხილეთ ასევე: ქვეყნები, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე მეტი ოქრო შეიძინეს
ოქროს რეზერვების მოცულობით მსოფლიოში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. მიმდინარე წელს აშშ-ის ოქროს მარაგების ღირებულებამ, ისტორიაში პირველად, 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და ამჟამად 1.16 ტრილიონს შეადგენს.










